არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ, ვმსჯელობთ, ჩვენი შემდგომი ნაბიჯები რა იქნება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გუშინდელის მსგავსი არჩევნები ქვეყანას არ ეკადრება.
„ეს იყო სამარცხვინო არჩევნები. ეს იყო ისეთი არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანას არ სჭირდებოდა და სიკეთეს არ მოუტანს. არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ. ვმსჯელობთ, ჩვენი შემდგომი ნაბიჯები რა იქნება. არ შეეფერება ეს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების 48.12%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 26.92%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3.79% აქვს. როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, სულ 3 847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 626 უბნის მიხედვით.
ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების პროცენტული გადანაწილება ამ დროისთვის ასეთია:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.12% (870 453 ხმა); „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 26.92% (486 973 ხმა); „ევროპული საქართველო“ – 3.79% (68 548 ხმა); „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.18% (57 579 ხმა); „ლელო“ – 3.19% (57 730 ხმა); „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15% (5706 ხმა); „გირჩი“ – 2.95 % (53 447 ხმა); „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (24 252 ხმა) – 1.34%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1% (18 041 ხმა).
დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.