ბადრი ჯაფარიძე - ვასაჩივრებთ და ოქმების გაუქმებას ვითხოვთ, თუ დაკმაყოფილდება, ეს ვითარებას ცვლის, ჩვენი თვითმიზანი არ არის პარლამენტში არშესვლა
ჩვენ ვასაჩივრებთ, ოქმების გაუქმებას ვითხოვთ და თუ ეს ყველაფერი დაკმაყოფილდება, ეს ვითარებას ცვლის, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის განცხადებას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„თუ დავინახავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კი არ დაიწერა 48%, არამედ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინა ის, რომ მასობრივი დარღვევებია და გააუქმა შედეგები – მაშინ ეს ვითარებას შეცვლის“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რათა არჩევნების შედეგები გაბათილდეს.
„სამართლებრივი გზებით ბრძოლას ვაგრძელებთ. ჩვენი სიმართლის დამტკიცებას გავაგრძელებთ, არავის ამაში ეჭვი არ უნდა შეეპაროს. საკმარისი მტკიცებულებები გროვდება, რათა საერთოდ არჩევნების შედეგების გაბათილება მოვითხოვოთ, ამისკენ მივდივარ. ეს არჩევნები არის ისეთი დარღვევებით სავსე, რომ მისი შედეგი ლეგიტიმური ვერ იქნება. საბოლოო ჯამში ამ არჩევნებმა დაამახინჯა რეალური სურათი, ამას არ ჰქვია სამართლიანი გარემო – იყო მოსყიდვის ფაქტები, დაშინების, მუქარის ფაქტები. გაქვს დილემა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას ხელი შეუწყო და შეხვიდე პარლამენტში, შეეგუო ყველაფერს ან თქვა, რომ მე უარვყოფ ამ არჩევნების ლეგიტიმაციას, მე უარს ვამბობ მანდატებზე, რადგან არის მორალური თემაც და ვფიქრობ, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც ხმა მოგვცეს და მათი ხმები არ აისახა შედეგებში. 250 000 ჩვენი მხარდამჭერი, ეს არ იყო რაიმე კვლევის შედეგი, ეს იყო რეალური ადამიანები სახელი და გვარით და პირადი მონაცემებით, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ და მათგან არჩევნებზე მივიდა 160 000 და დღევანდელი შედეგებით ხმა მოგვცა მხოლოდ 60 000-მა ამომრჩეველმა. იმ დარღვევების ფონზე, რა დარღვევებიც ამ არჩევნებზე დაფიქსირდა, გიჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ხმები არის მიტაცებული“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, „ლელოს“ აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს გასაჩივრებას, სადაც დოკუმენტურად მტკიცდება, რომ შედეგები გაყალბებულია.
„თუ ვნახავთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებლიანად იქცევა, აუქმებს იმ ოქმებს, სადაც პირდაპირ არის დამახინჯებული ციფრები – თუ სურათი იცვლება, ჩვენი თვითმიზანი არ არის პარლამენტში არშესვლა. პარლამენტში არშესვლა გადავწყვიტეთ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც დღეს არის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.