ბადრი ჯაფარიძე - შეთანხმება არ იქნება ერთ-ერთი მხარის დამარცხება, შეთანხმება იქნება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება
ბადრი ჯაფარიძე - შეთანხმება არ იქნება ერთ-ერთი მხარის დამარცხება, შეთანხმება იქნება ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება

შეთანხმება არ იქნება ერთ-ერთი მხარის დამარცხება, შეთანხმება იქნება ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთმანეთთან დაპირისპირება გამოსავალი არ არის და ამაზე  ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი ახალ არჩევნებზე შეთანხმებაა.

„ჩვენს მეგობრებს აწუხებთ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში და ჩვენთან ერთად მსჯელობენ ამ კრიზისიდან გამოსავალზე. ეს იყო ჩვენი განხილვის საგანი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“, რათა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ამ შემთხვევაში გაუცხოება და ერთმანეთთან დაპირისპირება რა არის გამოსავალი. შეთანხმება არ იქნება ერთ-ერთი მხარის დამარცხება, შეთანხმება იქნება ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის გამარჯვება.

ჩვენი პოზიცია არ დაგვიმალავს, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენი ღრმა რწმენით, ერთადერთი გამოსავალია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება. ჩვენი პოზიცია ამაზე არ შეცვლილა. იმედია, „ქართულ ოცნებას“ ესმის, რომ დაპირისპირება და ოპოზიციის უგულებელყოფა მხოლოდ აღრმავებს კრიზისს. ამიტომ ერთად უნდა ვიმუშაოთ.

ამ შეხვედრაზე განვიხილავდით შექმნილ ვითარებას და ვმსჯელობდით კრიზისის განმუხტვის და გამოსავლის შესაძლებლობებზე, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. იმედი გვაქვს, „ქართული ოცნებაც“ პასუხისმგებლიანად მიუდგება იმ რთულ ვითარებას, რომელშიც ვიმყოფებით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან დღეს დილიდან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შალვა ნათელაშვილს, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძესა და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს ირმა ინაშვილს.

მოგვიანებით, „ლელოსთან“ და „გირჩთან“ შეხვედრებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც შეუერთდა.

შეხვედრები ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს.