ბადრი ჯაფარიძე -  შეხვედრაში მონაწილე ყველა ფრაქცია მხარს ვუჭერთ შემდეგი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, დაბალ ბარიერს, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრთა რაოდენობის შემცირებას
ბადრი ჯაფარიძე - შეხვედრაში მონაწილე ყველა ფრაქცია მხარს ვუჭერთ შემდეგი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, დაბალ ბარიერს, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრთა რაოდენობის შემცირებას

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ყველა ფრაქცია, რომელიც უმრავლესობის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა, მხარს უჭერს შემდეგი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, დაბალ საარჩევნო ბარიერს, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრთა რაოდენობის შემცირებას.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ განსხვავებული პოზიცია აქვს გენერალური პროკურორის არჩევის წესზე.

„ამ დროისთვის თანხმობა არის, რომ ყველა ფრაქცია, ვინც შეხვედრას ვესწრებოდით, მხარს ვუჭერთ შემდეგ არჩევნებში პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას, დაბალ საარჩევნო ბარიერს, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრთა შემცირებას. „ქართულ ოცნებას“ განსხვავებული პოზიცია აქვს გენერალური პროკურორის არჩევის წესზე, მათ თავიანთი პოზიცია გაგვაცნეს, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და ხვალამდე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, გენერალური პროკურორის საკითხი ამოღებული იქნება და ცალკე უყრიან კენჭს პროპორციულ წესზე გადასვლას.

„ფრაქციების წესის ცვლილებას, თუ ცვლილებებს ისე დავტოვებთ, როგორც არის. ამოცანაა, რომ საბოლოო ჯამში კონსენსუსი მიღწეული იყოს, სხვაგვარად საკონსტიტუციო ცვლილებები მხარდაჭერას ვერ მიიღებს. თავის დროზე გენერალური პროკურორის საკითხი შეთავაზებული იყო მოდერატორების მიერ სწორედ იმიტომ, რომ ეს საჭიროებს 90 ხმიან კონსესუსს და ეს საკითხი მაღლდება, თუმცა „ქართული ოცნების” პოზიციაა, რომ მსგავსი წესი სხვა ქვეყნებში არ არის.

უნდა ჩამოვყალიბდეთ, ისეთ ვერსიას ვუყაროთ კენჭი, რომელსაც მხარდაჭერა ექნება. შეიძლება, ამ ეტაპზე შევჯერდეთ, რომ მხოლოდ ამას ვუყაროთ კენჭი, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების რეფორმა უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპზე შეიძლება მივიღოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც გენპროკურორისთვის 90- ხმიან მხარდაჭერას არ გულისხმობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების რეფორმაზე მსჯელობას არ გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.