ბადრი ჯაფარიძე - სენატის შეფასებით, 2020 წლის არჩევნები ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარდა, სამარცხვინოა, როცა საგამოძიებო კომისია აკეთებს ისეთ დასკვნას, რაც გუშინ ვნახეთ
ბადრი ჯაფარიძე - სენატის შეფასებით, 2020 წლის არჩევნები ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარდა, სამარცხვინოა, როცა საგამოძიებო კომისია აკეთებს ისეთ დასკვნას, რაც გუშინ ვნახეთ

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისია ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრებისგან შედგებოდა და მათ მიერ ჩატარებულ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს იძიებდა.

„ამაზე სერიოზული კომენტარი არ ღირს. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ სტრატეგიული პარტნიორების შეფასებით. სენატის შეფასებაა, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურობის ზღვარზე. ეს არის ძალიან მძიმე შეფასება და სამარცხვინოა, როცა საგამოძიებო კომისია აკეთებს ისეთ დასკვნას, რაც გუშინ ვნახეთ“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტმა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ დადგენილების პროექტი გუშინ მიიღო.

დადგენილების პროექტი და შესაბამისი რეკომენდაციები პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოამზადა, რომლის შემადგენლობაში არიან დეპუტატები – გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.

დადგენილების პროექტის თანახმად, ყველა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხის დამუშავებით დადასტურდა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული და ჩატარდა ძირითადი თავისუფლებების დაცვით.