ბადრი ჯაფარიძე - საქართველომ შესაძლებელია, მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის შუალედური სტატუსი
ბადრი ჯაფარიძე - საქართველომ შესაძლებელია, მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის შუალედური სტატუსი

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველომ შესაძლებელია, მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის შუალედური სტატუსი.

აღნიშნული განცხადება ჯაფარიძემ ბრიუსელში გააკეთა, სადაც მამუკა ხაზარაძესთან და გრიგოლ გეგელიასთან ერთად შეხვედრებს მართავს.

„დღეს ბრიუსელში გახმოვანდა ახალი ინიციატივა, რომ შემოიღონ საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის და ეს იქნება წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს შუალედურ სტატუსს ევროკავშირის წევრობისთვის, რომელიც შესაძლებელია, მიენიჭოს საქართველოს. ამ სტატუსით საქართველოს ახალი შესაძლებლობები ექნება. ეს იქნება სრულად ახალი ეტაპი ქვეყნისთვის, რომელიც დაგვეხმარება უდიდესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში და ნამდვილად შეუქმნის კეთილდღეობას საქართველოს მოქალაქეებს.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ჩვენს უერთგულეს მეგობრებს, რომ მათ ოპოზიციის სახით ჰყავთ საიმედო და ერთგული საყრდენი და საიმედო პარტნიორი, რომ ჩვენ შევძლოთ, ძალიან საინტერესო იდეების განხორციელება და გაცილებით სწრაფად ვიმოძრავებთ ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, ვიდრე ეს წარმოგვედგინა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.