ბადრი ჯაფარიძე - საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ არჩევანი, გახდეს ნატო-ს წევრი, არის მყარი, რაც ჩვენი მეგობრებისგან მეტ მხარდაჭერას მოითხოვს
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს მისწრაფება, გახდეს ნატო-ს წევრი, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მეტ მხარდაჭერას მოითხოვს.
ჯაფარიძის თქმით, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტზე საუბრისას სტრატეგიულ კონკურენციაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჯეიმს აპარტურაიმ ხაზი გაუსვა ნატო-ს კომუნიკეს, სადაც საუბარია სტრატეგიულ კონკურენციაზე. მნიშვნელოვანია, ნატო-ს წევრი, მეგობარი ქვეყნების საერთო მოსაზრება, რომ ჩვენ უკვე გვაქვს გამოკვეთილი ავტოკრატიული რეჟიმი და მათი ძალისხმევაა, გაავრცელონ გავლენა იქ, სადაც არ არიან წარმოდგენილი მათთვის სასურველი ხარისხით. ამას წინ უნდა აღუდგნენ ნატო და სტრატეგიული პარტნიორები. მათ უნდა გააძლიერონ ძალისხმევა, რომ ავტოკრატიული რეჟიმების მცდელობამ წარმატებას ვერ მიაღწიოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ცნება – სტრატეგიული კონკურენცია, რაც ნიშნავს მეტ ინტეგრირებას, კოორდინირებას. რაც მთავარია, საქართველომ, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა, რომ არჩევანი არის მყარი, ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი, ეს მოითხოვს კიდევ მეტ მხარდაჭერას ჩვენი მეგობრებისგან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.