ბადრი ჯაფარიძე - საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის აუცილებელი იქნება, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვიდეს
ბადრი ჯაფარიძე - საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის აუცილებელი იქნება, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვიდეს

საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პარტნიორებმა ინიციატივა გაიზიარეს, რადგან ეს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა. ამისთვის აუცილებელი იქნება შემოვიდეს პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომ შეივსოს, გავხდეთ 50 დეპუტატი და შევძლოთ კომისიის ჩამოყალიბება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისია არის მექანიზმი, რომელიც ოპოზიციას გააჩნია.

„ჩვენ ახლა ვაკეთებთ კანონპროექტის ინიცირებას, რაც არის შარლ მიშელის დოკუმენტის მოთხოვნა. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ გამოვიკვლიოთ ზედმიწევნით 19-21 ივნისის მოვლენები, რომ არ არსებობდეს რაიმე კითხვის ნიშანი ამასთან დაკავშირებით. პარალელურად, გაგრძელდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა. ახლა ყველაზე სწორი და კარგი იქნება, რომ მელია გამოვიდეს ევროკავშირის თავდებობით და გირაოს მექანიზმით, შემოვიდეს „ენმ“ პარლამენტში, შევქმნათ საგამოძიებო კომისია, ჩართული იყოს საზოგადოება ამ გამოძიებაში და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ეს არის მექანიზმი, ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია ოპოზიცია, რომლის გამოყენებაც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და არ ეწინააღმდეგება არანაირად შეთანხმების სულისკვეთებას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.