ბადრი ჯაფარიძე - საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანაა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს
ბადრი ჯაფარიძე - საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანაა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და საკუთარი ხედვა წარადგინეს.

ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოს ეზოში პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას ჯანდაცვის მიმართულებით პოლიტიკური გაერთიანების გეგმები გააცნო.

„სამწუხაროდ, ყოველ მეორე დღეს გვიწევს სასამართლოში მოსვლა, ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ, რომ მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი გეგმები ქვეყნის განვითარებასთან, ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს მიმართულებებში არსებულ პრობლემებთან და გამოსავლის გზებთან მიმართებაში. დღეს გვინდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან სფეროზე, როგორიცაა, ჯანმრთელობის დაცვა, მოსახლეობის ხარისხიანი ჯანმრთელობის სერვისით უზრუნველყოფა. ის პროგრამა, რომელიც  დღევანდელმა ხელისუფლებამ დანერგა, სრულიად არაეფექტურია, არამდგრადია, ამით თავს იწონებენ, მაგრამ,  როგორც გამოჩნდა, ეს იყო სისტემა, რომელიც თავიდანვე არ იყო სწორად დაგეგმილი. შესაბამისად, გამოიწვია ის, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი უარესდება. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასებაში? ეს არის ადამიანის  სიცოცხლის  ხანგრძლივობა. 2013-2017 წლებში ჯანდაცვაზე დახარჯულია 12.6 მილიარდი ლარი, რაც არის მთლიანი ეროვნული პროდუქტის რვა პროცენტზე მეტი. ეს ძალიან დიდი პროცენტია. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მიხედვით,  საქართველო მსოფლიოში 101-ე ადგილზეა. ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12 წლით ნაკლებია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. 2013 წლიდან დღემდე მოქალაქეების მიერ მედიკამენტებზე დახარჯულია 5.3 მილიარდი ლარი, რის შედეგადაც გაღარიბდა 500 000 ადამიანი. 2013-19 წლებში სახელმწიფოს დაუგროვდა დავალიანება ექიმებისა და ექთნების მიმართ 350 მილიონი ლარის ოდენობით. მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი უპირატესობას საზღვარგარეთ მკურნალობას ანიჭებს, ეს მაშინ, როცა დაიხარჯა 12 მილიარდ ლარზე მეტი, რაც მიუთითებს, თუ რამდენად არაეფექტურად იხარჯება თანხები, რომლებიც შედის ბიუჯეტში ჩვენი გადასახედებიდან“ ,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით პარტიამ საკუთარი პროგრამა შეიმუშავა, რომელიც მედიკამენტების პროგრამის დაფინანსების 500 პროცენტით გაზრდას, პროფილაქტიკურ და პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე კი დაფინანსების 100 პროცენტით გაზრდას ითვალისწინებს.

„ჩვენ გავზრდით მედიკამენტების პროგრამის დაფინანსებას 500 პროცენტით, რათა მოსახლეობას მიეწოდოს გაიაფებული და ხარისხიანი მედიკამენტი. ჩვენი მიზანია, არა იმ ეტაპზე ვებრძოლოთ დაავდებას, რომლის განკურნებაც ძალიან ძვირი ჯდება ან საერთოდ ვერ ხერხდება, არამედ პრევენციაში ჩავდოთ დიდი ინვესტიცია, რომ თავიდან ავირიდოთ მძიმე დაავადებები. ამიტომ 100 პროცენტით იქნება გაზრდილი დაფინანსება პროფილაქტიკურ და პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე. საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანაა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. მიგვაჩნია, აუცილებელია, გაიზარდოს კერძო სადაზღვევო კომპანიების როლი ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებაში, რათა არსებობდეს მდგრადი სისტემა, დღევანდელ სისტემას სწორედ არ გააჩნია მდგრადობა.

რაც შეეხება ცნობილ ბოლო ინიციატივას, რომელიც ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ბრძანების სახით გააფორმა, მოგეხსენებათ, რა აჟიოტაჟი გამოიწვია ამ სრულიად არაადეკვატურმა ბრძანებამ. ჩვენი აზრით, მან საერთოდ შექმნა დიდი რისკები, რომ ჯანდაცვის სფერო აღარ იყოს საინვესტიციოდ საინტერესო, საქართველოდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება დაიწყოს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა, ისედაც სავალალო ვითარება, რომელიც შექმნილია ხარისხიანი სამედიცნო უზრუნველყოფის თვალსაზრისით, კიდევ უფრო გაუარესდეს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, როცა მოვალთ ხელისუფლებაში, რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხოთ არაეფექტური მთავრობის შედეგად დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტა, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, მისი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილია“ ,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

აღნიშნული განცხადება ბადრი ჯაფარიძემ „ლელო საქართველოსთვის“ წევრებთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა.

დატოვე კომენტარი