ბადრი ჯაფარიძე - რაც უფრო სწრაფად გაემიჯნებიან პოლიტიკას ივანიშვილი და სააკაშვილი, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესებისთვის
ბადრი ჯაფარიძე - რაც უფრო სწრაფად გაემიჯნებიან პოლიტიკას ივანიშვილი და სააკაშვილი, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესებისთვის

ვფიქრობ, რაც უფრო სწრაფად მოხდება ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან გამიჯვნა, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესებისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა კითხვაზე, რამდენად სამართლიანია ივანიშვილისა და სააკაშვილის ერთიან ნეგატიურ სიბრტყეში განხილვა.

მისი თქმით, ახლა საჭიროა ახალი პოლიტიკური სივრცე, რადგან ეს დაპირისპირება უნდა დასრულდეს.

„მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება ამ ორი ადამიანის პოლიტიკიდან გამიჯვნა, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური პროცესებისთვის. ახლა ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური სივრცე, რადგან ეს დაპირისპირება და მთელი ეს წლები სწორედ ამას გადავაყოლეთ ქვეყანა, ეს უნდა დასრულდეს. „ლელოც“ მაგ მიზნისთვის შეიქმნა, რომ აღარ ყოფილიყო ორპოლუსიანი პოლიტიკური სიბრტყე. ორპოლუსიანობა არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემა, რაც აძლევს საშუალებას „ქართულ ოცნებას“, იმ საფრთხის წარმოჩენით, რომ თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, დაბრუნდება სააკაშვილი, ამით გაიხანგრძლივოს თავისი ხელისუფლება. ეს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ბადრი ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ დევნილად, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადგილას საქართველოში დაბრუნდებოდა და სიმართლეს აქ დაამტკიცებდა.

„მე რას გავაკეთებდი, ის შემიძლია, გითხრათ. მე აუცილებლად დავბრუნდებოდი. მის ადგილას დავბრუნდებოდი ჩემს ქვეყანაში და აქ შევეცდებოდი, დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.