ბადრი ჯაფარიძე - პრემიერ-მინისტრის გადადგომა ქმნის შესაძლებლობას, რომ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს
ბადრი ჯაფარიძე - პრემიერ-მინისტრის გადადგომა ქმნის შესაძლებლობას, რომ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს

მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ქმნის შესაძლებლობას, რომ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, განიმუხტოს, დაიწყოს მისი განმუხტვა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ლელო“ საქართველოსთვის იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება“ ახლა არ დაკარგავს ამ უნიკალურ შანსს, რომ ჩვენ შევძლოთ მოვიტანოთ პოლიტიკური სიმშვიდე ქვეყანაში, რომელსაც ამდენი გამოწვევა აქვს ახლა და „ქართული ოცნება“ შეძლებს მოძებნოს თავის თავში ძალა, რომ შეგვითანხმდეს ოპოზიციას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი ამ ვითარებაში, რათა პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს.

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობით იმისათვის, რომ მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც უნდა მოიცავდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღს, პოლიტიკური ელფერით წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას და 8 მარტის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას. პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული როგორც პოლიტიკური პატიმარი. ამავდროულად ჩვენი შეთანხმება უნდა მოიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების გატარებას, საარჩევნო კომისიის განახლებას და მშვიდი საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკური სიმშვიდის შექმნას და კრიზისიდან გამოსვლის დაწყების პროცესს. ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც ახლა უნდა გადადგას „ქართულმა ოცნებამ“. ოპოზიცია მზად არის, მოლაპარაკებებისთვის, დიალოგისთვის“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.