ბადრი ჯაფარიძე ნიკა მელიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს
ბადრი ჯაფარიძე ნიკა მელიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მისი თქმით, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკური ნიშნით წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები.

„წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ამ ტიპის საქმეებზე სამწუხაროდ, კარგი მოლოდინი არ მაქვს. მგონია, რომ ბატონი მელიას ადვოკატები მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. უნდა დაველოდოთ, რა რეაქცია ექნება პროკურატურას, ასევე რა ნაბიჯები გადაიდგმება ნიკა მელიას ადვოკატების მხრიდან, რომ არ დავუშვათ კრიზისის კიდევ უფრო მეტი ესკალაცია და ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრება. ხელი უნდა შევუშალოთ დაპირისპირების ზრდას და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხოთ პოლიტიკური ნიშნით წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.