ნიკა მელიას გათავისუფლება რამდენიმე დღის ამბავია, – ასე უპასუხა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როდის შეიძლება, გამოვიდეს ციხიდან ნიკა მელია.
„მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძალისხმევა შედეგს ძალიან მალე მოიტანს. ეს ძალისხმევა ყოველდღიურად გრძელდება და მაქვს იმედი, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება არის რამდენიმე დღის ამბავი. ეს პრობლემა გადაიჭრება და მელია საპატიმროდან გამოვა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა იმ ოპოზიციონერთა პოზიციას, რომლებიც აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარის პატიმრობას თავის სასარგებლოდ იყენებს, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ არ იცის, ვინ რას და როგორ იყენებს, მაგრამ ფაქტია, პოლიტიკური სპექტრის ზრუნვის საგანი ისაა, მექანიზმი რაც შეიძლება, სწრაფად ამოქმედდეს, ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვოს და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს.
ჯაფარიძის თქმით, მოდერატორის მიერ ამნისტიის მექანიზმი ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზნით იქნა მოძებნილი და მოდერატორმა ჩათვალა, რომ ოპტიმალური გამოსავალი არის ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას შეწყვეტს, მაგრამ ნიკა მელიას პოზიციაც გასაგებია.
„რა თქმა უნდა, მე მესმის ნიკა მელიას განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ საპატიმროში ყოფნისას მას შეიძლებოდა, შექმნოდა შთაბეჭდილება, რომ ამნისტიის კანონი შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას პოტენციური დამნაშავეების გასათავისუფლებლად. ანუ, იმ ადამიანების, რომლებიც შესაძლოა, დამნაშავეები იყვნენ ჩვენი თანამოქალაქეებისადმი მძიმე ფიზიკური დაზიანების, მათი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ნაწილში და რა თქმა უნდა, მელიას რეაქცია ბუნებრივია. მან შეიძლება, თქვას, რომ იცით რა, მე ასეთი ამნისტია არ მინდა, რომელიც ჯალათებს პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, პოზიციები დაახლოვდეს და კენჭისყრაზე ორის ნაცვლად, ამნისტიის ერთი კანონპროექტი დადგეს, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამისთვის აუცილებელია, „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზულად განიხილოს ოპოზიციის არგუმენტები.
შეკითხვაზე, რა სტრატეგიით მიდის „ლელო“ საკანონმდებლო ორგანოში და გარდა ამნისტიის შესახებ კანონპროექტისა, რაზე მუშაობას გეგმავს პარტია პირველ რიგში, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ლელო“ უკიდურესად კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებულ, ძალიან ძლიერ ფრაქციას შექმნის და ამავდროულად, პარტია უკვე მზადაა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების კანონპროექტის ინიცირებისთვის.
„ასევე, გვაქვს რიგი ინიციატივები, რომლებსაც აუცილებლად გავასაჯაროებთ, გავაჟღერებთ და რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი ზედმიწევნით იქნას განხორციელებული“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.