ბადრი ჯაფარიძე - მზად ვართ, თბილისში მაჟორიტარებზე გავაგრძელოთ დისკუსიები, შესაძლოა, ჩვენი კანდიდატების ირგვლივ შეჯერდნენ პარტიები
ბადრი ჯაფარიძე - მზად ვართ, თბილისში მაჟორიტარებზე გავაგრძელოთ დისკუსიები, შესაძლოა, ჩვენი კანდიდატების ირგვლივ შეჯერდნენ პარტიები

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტია მუდმივად ინარჩუნებს დიალოგის რეჟიმს ოპოზიციონერ კოლეგებთან. როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, პარტიები თბილისში „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატებზე შეჯერდნენ.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო და კიდევ ერთხელ ვუთხრა საზოგადოებას, ყველა ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგას, რომ „ლელო საქართველოსთვის“ არის ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც თავიდანვე ამბობდა, რომ გვქონდა ჩვენი სამოქმედო გეგმა, ჩვენი დღის წესრიგი და აქედან გამომდინარე ვგეგმავთ, ჩვენს პოლიტიკურ ნაბიჯებს. ამავდროულად, ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ დიალოგს ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან, ჩვენს ოპოზიციონერ პარტნიორებთნ და შესაბამისად, ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენი მოქმედება არ გამორიცხავს თანამშრომლობას და პარტნიორობას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ჩვენ ყველგან ვარჩევთ ჩვენს კანდიდატებს, მაგრამ თბილისში ჩვენ მზად ვართ, ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ დისკუსიები, გავცვალოთ არგუმენტები, რა იქნება უფრო ეფექტური გზა, რათა პირველივე ტურში დავამარცხოთ „ქართული ოცნების“ კანდიდატი. შესაძლოა, ეს იყოს შეჯერებული კანდიდატი, შეიძლება, ჩვენი კანდიდატების ირგვლივ შეჯერდეს ოპოზიციური პარტიები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.