ბადრი ჯაფარიძე - მთავრობა გაუგებარ შეთქმულებაზე თუ საუბრობს, სად არიან შეთქმულების ავტორები, რატომ არ გამოავლინეს 5 ივლისამდე
ბადრი ჯაფარიძე - მთავრობა გაუგებარ შეთქმულებაზე თუ საუბრობს, სად არიან შეთქმულების ავტორები, რატომ არ გამოავლინეს 5 ივლისამდე

მთავრობა გაუგებარ შეთქმულებაზე თუ საუბრობს, სად არიან შეთქმულების ავტორები, რატომ არ გამოავლინეს 5 ივლისამდე, – აცხადებს „ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, როცა ხელისუფლება დედაქალაქის ქუჩებში ისეთ ძალადობას უშვებს, რაც ვნახეთ, ის უნდა გადადგეს.

„სხვაგვარად ხელისუფლებამ როგორ უნდა გამოხატოს პასუხისმგებლობა ჟურნალისტების მასობრივ დევნასა და დამცირებაზე, რასაც ოპერატორის გარდაცვალება მოჰყვა. სამწუხაროდ, საპირისპირო და აგრესიულ რიტორიკას ვხედავთ. თუ მთავრობა და მისი ხელმძღვანელი გაუგებარ შეთქმულებაზე საუბრობენ, მაშინ სად არიან შეთქმულების ავტორები, რატომ არ გამოავლინეს 5 ივლისამდე? ცხადია, მორიგ იაფფასიან, პიარულ გათვალასთან გვაქვს საქმე.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება არის რთული პროცედურა, მაგრამ საპარლამენტო პარტიები ვალდებული ვართ, არსებული ინსტრუმენტები გამოვიყენოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ როცა უნდობლობის პროცედურას დავიწყებთ, ამას „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანად შეხვდება, იქნება მცდელობა, რომ ეს შეფერხდეს და არ მივიდეს ლოგიკურ შედეგამდე, თუმცა ეს მაინც უნდა გავაკეთოთ, რადგან საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ისეთ რთულ საკითხებზე თანამშრომლობა, როგორიც არის ალტერნატიული პროგრამის შეთავაზება, ალტერნატიული კაბინეტის და ალტერნატიული მთავრობის შეთავაზება. პარტიების ფუნქციაა, რომ ალტერნატივა დაანახონ საზოგადოებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს იმის მიუხედავად, რომ იცის, ხმები არის უმრავლესობის მხარეს.

„გუშინდელი კონსულტაციების შემდეგ გვაქვს სრული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ არ გვექნება წინააღმდეგობა, შევარჩიოთ საერთო კანდიდატი, ასევე ალტერნატიული კაბინეტის წევრები. ეს მზადყოფნა არსებობს ყველაზე მსხვილ ფრაქციებს შორის. რა თქმა უნდა, გვაქვს კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, მაგრამ ყველაზე მსხვილ ფრაქციებს შორის გუშინ მიღწეული იყო შეთანხმება, ვმუშაობთ ფორმალურ ნაბიჯებზე, რომ დავიწყოთ უნდობლობის პროცედურა. ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს იმის მიუხედავად, რომ იცის, ხმები არის უმრავლესობის მხარეს“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.