ბადრი ჯაფარიძე - მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, დიდი ალბათობით, გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა
ბადრი ჯაფარიძე - მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, დიდი ალბათობით, გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 15 მაისის აქციის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

„ეს იყო მორიგი სამუშაო შეხვედრა, 15 მაისის აქციის მოსამზადებელო შეხვედრა, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ აქციისთვის მომზადების კამპანია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს თანამოქალაქეებთან რეგულარული შეხვედრები, მათ გავაცნოთ აქციის მიზანი, ინფორმაცია ნაბიჯების შესახებ, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ვდგამთ და ვაპირებთ, გადავდგათ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, მომდევნო რაუნდი, დიდი ალბათობით, გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა გამოიკვეთება.

„მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმება არ გვაქვს. ასეთი შეთანხმება ამ მომენტისთვის არ არსებობს და შემდგომი რაუნდი, დიდი ალბათობით, გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. როგორც თქვენთვის ცნობილია, შესათანხმებელი დაგვრჩა ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი – ეს არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების საპატიმროდან გათავისუფლება, ასევე რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზაზე „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება. ეს საკითხი არ იქნა ასახული დოკუმენტში, რომელიც დანიელსონმა დატოვა იმის გამო, რომ მის ირგვლივ საერთოდ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, თორემ თვითონ მოლაპარაკების პროცესში იყო საუბარი სხვადასხვა მექანიზმზე, რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის მექანიზმებზე, უბრალოდ, არ აისახა ეს საბოლოო დოკუმენტში, რადგან ძალიან დაშორებული პოზიციები ჰქონდათ მხარეებს, ეს საკითხი არის შარლ მიშელის მიერ მონიშნულ, მის მიერ გამოკვეთილ უმნიშვენლოვანეს საკითხებს შორის. ეს არის საბოლოო პოლიტიკური შეთანხმების განუყოფელი ნაწილი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება ვითარების განმუხტვას ხელს შეუწყობდა.

„გააუმჯობესებდა მოლაპარაკებების გარემოს, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ და მოსამართლემ მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ვითარებას კვლავ ძალიან დაძაბულს ტოვებს და კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს“, – დასძინა ბადრი ჯაფარიძემ.