ბადრი ჯაფარიძე - მმართველ ძალას ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, მათ საარჩევნო პროგრამაში ვერ დავინახეთ გეგმა, როგორ გამოვიდეთ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან
ბადრი ჯაფარიძე - მმართველ ძალას ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, მათ საარჩევნო პროგრამაში ვერ დავინახეთ გეგმა, როგორ გამოვიდეთ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან

მმართველ ძალას ამოწურული აქვს ყველანაირი მორალური და საკადრო რესურსი, კვლავ ვნახეთ წარსულში დარჩენილი პოლიტიკური ძალა და წარსულში დარჩენილი ლიდერი, – ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა.

ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აქამდე დაპირებებს იძლეოდა, რომლებსაც არ ასრულებდა, ახლა კი დაპირებებსაც აღარ იძლევა.

„სამწუხაროდ, ჩვენ გუშინ კვლავ ვნახეთ იმის დადასტურება, რომ მმართველ ძალას ამოწურული აქვს ყველანაირი მორალური და საკადრო რესურსი, რომ გააგრძელოს, ან ჰქონდეს პრეტენზია ქვეყნის მმართველობის გაგრძელებაზე. ჩვენ კვლავ ვნახეთ წარსულში დარჩენილი პოლიტიკური ძალა და წარსულში დარჩენილი ლიდერი. საინტერესო ის არის, რომ ადრე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები იძლეოდნენ დაპირებებს, რომლებსაც არ ასრულებდნენ და ახლა დაპირებებსაც აღარ იძლევიან. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი დაგეგმილი, პროგრამული ნაბიჯი, ან ზრუნვა იმაზე, როგორ გამოვიდეთ ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან. ერთი ფრაზაც კი არ იყო იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ახლა ჩვენი ქვეყანა დგას. ამიტომ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ, რათა ქვეყანამ დაიწყოს გამკლავება იმ უდიდესი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრა, რომელიც ახლა ჩვენს წინაშე დგას. ჩვენს მოსახლეობას სჭირდება პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის უნარი და გამოცდილება აქვს, აქვს ხედვა ეკონომიკური ვარდნის, ლარის გაუფასურების შეჩერებასთან, დასაქმების პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. „ლელო საქართველოსთვის“ ახლა სწორედ კონცენტრირებულია იმაზე, რომ არჩევნების მეორე დღესვე დავიწყოთ ყველა უმწვავესი საკითხის გადაჭრა მოსახლეობისათვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ღარიბი საქართველო გადაიბარა, უპასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა რვა წლის განმავლობაში ვერაფერი შეძლო ამ პრობლემის დასაძლევად.

„ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის, უპასუხისმგებლო ლიდერის განცხადება. ჩვენ, პოლიტიკური პარტიები იმიტომ ვარსებობთ, რომ თუ რაიმე პრობლემა გვერგო მემკვიდრეობით, ის გადავჭრათ. ამ რვა წლის განმავლობაში მათ ვერაფერი ვერ შეძლეს, რომ პრობლემა დაძლეულიყო. მეტიც, სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მით უმეტეს პანდემიის ფონზე. პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ლიდერი უნდა საუბრობდეს, როგორ გამოვიდეთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან და არა იმაზე, რვა წლის წინ რა იყო და როგორ გაანიავეს მმართველობის ეს რვა წელი”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.