ბადრი ჯაფარიძე - მხარს ვუჭერ ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მედიატორის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა შეუძლია მხოლოდ მედიატორს
ბადრი ჯაფარიძე - მხარს ვუჭერ ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მედიატორის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა შეუძლია მხოლოდ მედიატორს

ველოდებით, როგორ აისახება ნიკა მელიას მოწოდება და პოზიციის ცვლილება შეთანხმებულ დოკუმენტში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის მხარს უჭერს ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„მე მხარს ვუჭერ ნიკა მელიას გადაწყვეტილებას. ეს ხელშეკრულება ემსახურებოდა მისი საპატიმროდან გამოყვანას და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ მედიატორის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა შეუძლია მხოლოდ მედიატორს, ეს არის გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, ველოდებით როგორ აისახება მისი მოწოდება და პოზიციის ცვლილება ამ შეთანხმებულ დოკუმენტში, მაგრამ ჩვენ პარალელურად არ დავაჩქარებთ ამ დოკუმენტზე მუშაობას,რადგან ეს არის მგრძნობიარე დოკუმენტი, შესაბამისად იწვევს ბევრ კითხვას. დაველოდოთ, იქნებ ცვლილება იყოს დოკუმენტში თავად მედიატორის მიერ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელია დღეს ციხიდან განცხადება გაავრცელა. მელია ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს, გაიწვიონ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს გადახდას დაეთანხმება.