ბადრი ჯაფარიძე - მე არ ვაპირებ პარლამენტის დატოვებას, ჩვენ გვაქვს ვალდებულება საერთაშორისო პარტნიორებთან
ბადრი ჯაფარიძე - მე არ ვაპირებ პარლამენტის დატოვებას, ჩვენ გვაქვს ვალდებულება საერთაშორისო პარტნიორებთან

„ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ის არ აპირებს, პარლამენტი დატოვო.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც თბილისის მერის მოადგილეობაზე გამოთქვა მზადყოფნა.

„მამუკამ გააკეთა განცხადება, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც გამოთქვა მზადყოფნა მერის მოადგილეობაზე. მე არ ვაპირებ პარლამენტის დატოვებას იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის მისაღებია საკონსტიტუციო ცვლილებები. ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელმაც ურცხვად მოატყუა ჩვენი პარტნიორები, გამოვიდა შეთანხმებიდან და მოუწყო მას დემარში, ჩვენ არ მივიქცევით ისე, როგორც „ქართული ოცნება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხმების დაცვას ოპოზიცია განაგრძობს.

„ვაპირებთ ყველა სამართლებრივი გზით დავიცვათ მოგებული არჩევნები ქუთაისსა და ბათუმში, სადაც ელემენტარული ლოგიკა გვეუბნება, რომ იქ, სადაც ბათილი ბიულეტენების რიცხვი ჭარბობს, ჩადენილია სიყალბე. ამიტომ, არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ხმები მიიტაცონ. შესაბამისად, აუცილებლად ყველა სამართლებრივი გზა, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით, იქნება გამოყენებული, მოვახდინოთ დემონსტრირება, რომ დღევანდელი სასამართლო სისტემა არის „ქართული ოცნების“ სრულ დაქვემდებარებაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას, რომ დაცული იქნას ჩვენი თანამოქალაქეების ხმები და არ დავუშვათ მათი მოპარვა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.