ბადრი ჯაფარიძე - „ლელო“ თავის გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში გამოაცხადებს
„ლელო“ თავის გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში გამოაცხადებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძე „ევროპულ საქართველოსთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გაიმართა.
„ევროპულ საქართველოსთან“ მათი თხოვნით მოვედი, შეხვედრაზე საუბარი იყო გუშინდელ მიტინგსა და მომავალ გეგმაზე, რომ ვაგრძელებთ პროტესტს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ეს პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება დანიშნული ახალი არჩევნები, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ არ შევიდეთ ღრმა კრიზისში. „ლელო“ თავის გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში გამოაცხადებს. ჩვენი გადაწყვეტილებას განიხილავს პოლიტსაბჭო. არჩევნებში მონაწილეობა იმ მიზნით მივიღეთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ პარლამენტის გზით, მაგრამ რაც ვნახეთ არ არის არჩევნები. მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შევთანხმდეთ, რომ არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში ვითარების ესკალაცია კი არ იყოს, არამედ ესკალაცია არ დავუშვათ. კრიზისის გაღრმავებას გამოიწვევს ის, რომ ხელისუფლება ცდილობს, ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინოს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.