ბადრი ჯაფარიძე - კვლავ „ქართული ოცნება“ არ იძლევა საშუალებას, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას და მუშაობა გავაგრძელოთ პარლამენტში
ბადრი ჯაფარიძე - კვლავ „ქართული ოცნება“ არ იძლევა საშუალებას, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას და მუშაობა გავაგრძელოთ პარლამენტში

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კვლავ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მიაღწიონ პოლიტიკურ შეთანხმებას და გააგრძელონ მუშაობა პარლამენტში.

მისივე თქმით, პარლამენტში მუშაობის გასაგრძელებლად მთავარ საკითხებზე შეთანხმებაა საჭირო.

„რა თქმა უნდა, ელჩი დეგნანი ამ პროცესებში უშუალოდ  ძალიან აქტიურად არის ჩართული. სამწუხაროდ, კვლავ „ქართული ოცნება“ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას და შემდგომ მუშაობა გავაგრძელოთ პარლამენტში. ჩვენი და ჩვენი მეგობრების სურვილია, რომ  შევძლოთ პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. ამისთვის საჭიროა მთავარ საკითხებზე შეთანხმება. ეს საკითხებია, რომლებიც მონიშნა პრეზიდენტმა მიშელმა და რის ირგვლივაც  უკვე რამდენი თვეა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ სიჯიუტის და არასახელმწიფოებრივი განწყობების გამო ვერ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა, რომ კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას, თუ იქნება გაბედულ კომპრომისებზე წასვლის პოლიტიკური სურვილი.

მისივე თქმით, აშშ-ის ღრმა რწმენაა, რომ პოზიციების შეჯერების ადგილი არის პარლამენტში.