ბადრი ჯაფარიძე - კარგია, რომ მეტი მოთამაშე შემოდის, კონკურენცია იზრდება და არჩევანი ფართოვდება, ჩვენ გვინდა, „ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ მოუახლოვდეს 40-პროცენტიან ზღვარს
ბადრი ჯაფარიძე - კარგია, რომ მეტი მოთამაშე შემოდის, კონკურენცია იზრდება და არჩევანი ფართოვდება, ჩვენ გვინდა, „ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ მოუახლოვდეს 40-პროცენტიან ზღვარს

კარგია, რომ მეტი მოთამაშე შემოდის, კონკურენცია იზრდება, კარგია, რომ არჩევანი ფართოვდება, რა თქმა უნდა, ამომრჩეველზეა დამოკიდებული, რომელ ოპოზიციურ პარტიას მისცემს ხმას, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ „მესამე ძალის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, „ქართული ოცნება“ 40-პროცენტიან ზღვარს ვერ მიუახლოვდეს და მოქალაქეებმა მხარი დაუჭირონ ცვლილებებს.

„ცხადია, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ამ არჩევნებმა მართლაც დაუსვას წერტილი ქაოსს, არასტაბილურობას, არაპროფესიონალიზმს, ნეპოტიზმს, კორუფციას. ეს არის ჩვენი ამოცანა, „ლელო საქართველოსთვის“ სწორედ ამ მიზნით შემოვიდა სრული შემადგენლობით საარჩევნო კამპანიაში. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ ვერ მოუახლოვდეს 40%-იან ზღვარს, არათუ 43-ზე იყოს საუბარი. ეს უნდა იყოს ყველა ოპოზიციური პარტიის ამოცანა, მთავარია, ჩვენ გადავალახინოთ შიში თანამოქალაქეებს, რადგან გაცილებით მეტი საფრთხე გვემუქრება მაშინ, თუ ჩვენი თანამოქალაქეები არ დაუსვამენ წერტილს ამ ქაოსს, რომელშიც ახლა ყველა ვიმყოფებით. ამიტომ 2 ოქტომბერს მთავარია, ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ იგრძნოს პასუხისმგებლობა თავისი ოჯახის, თავისი შვილების მომავალზე, მოვიდეს და მისცეს ხმა ცვლილებებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღეს იგეგმება პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ პრეზენტაცია, რომელსაც უერთდებიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“ და გრიგოლ ვაშაძე.