ბადრი ჯაფარიძე - იმედია, „ნაცმოძრაობა“ გადახედავს თავის პოზიციას, პარლამენტში დებატების გამართვა საზოგადოების მოთხოვნაა
ბადრი ჯაფარიძე - იმედია, „ნაცმოძრაობა“ გადახედავს თავის პოზიციას, პარლამენტში დებატების გამართვა საზოგადოების მოთხოვნაა

პარლამენტში დებატების გამართვა საზოგადოების მოთხოვნაა, ამიტომ, იმედია, რომ „ნაცმოძრაობა“ გადახედავს თავის პოზიციას, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფარულ ჩანაწერებზე პარლამენტში დებატები აუცილებელია.

„ნიკა მელია ალბათ გულისხმობდა ივანიშვილის უმრავლესობას და არა ოპოზიციას. „ქართული ოცნების“ სურვილი, როგორც გაირკვა, არ არის რიგგარეშე სხდომის ჩატარება, რომელიც გუშინ ცალსახად თქვა „ქართული ოცნების“ ლიდერმა. მესმის, რომ ყველა ველზეა, ყველანი ვართ ძალიან დატვირთულები, მაგრამ აუცილებელია ოპოზიციური ერთობა, რომ გავმართოთ დებატები ამ ამაზრზენ ფაქტებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ უპრეცედენტო რაოდენობის ფაილებს, რომელიც ასახავს უკანონო მიყურადებას და მოსმენებს. გაიმართოს პარლამენტში დებატები, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. ამიტომ, იმედია, რომ „ნაცმოძრაობა“ გადახედავს თავის პოზიციას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამ დროისთვის სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „საქართველოსთვის“, „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მხარი დაუჭირეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე.

ინიციატივას არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად“.