ბადრი ჯაფარიძე - გვაქვს სტრატეგიული პარტნიორის სრული მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი გაწევრიანება უნდა დაჩქარდეს
ბადრი ჯაფარიძე - გვაქვს სტრატეგიული პარტნიორის სრული მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი გაწევრიანება უნდა დაჩქარდეს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა მწვავე საკითხს, რომელიც მოქალაქეებს აღელვებთ.

„ეს არის უსაფრთხოების გამოწვევები, ქვეყნის შგინით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მართლმასჯულების რეფორმა, შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა შეერთებული შტატების ჩართულობით და შარლ მიშელის მედიაციით. ასე რომ, ყველა ის საკითხი, რომელიც აღელვებს თანამოქალაქეებს იქნა განხილული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი განმარტებით, ქვეყანას აშშ-სგან აქვს სრული მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება უნდა დაჩქარდეს.

„ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-სგან, ვხედავთ, რომ გააქტიურდა ჩვენი სტრატეგიული მეგობრების ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში, რაც მიუთითებს, რომ გაიზრდება სტრატეგიული პარტნიორის ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის სრული მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უნდა დაჩქარდეს, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ გავატაროთ ყველა რეფორმა, რომელიც განსაზღვრულია დოკუმენტით, რომელსაც შევუერთდით და რომლის განხორციელება, რეფორმების გატარება ცხოვრებაში დააჩქარებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენს ინტეგრაციას“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.