ბადრი ჯაფარიძე - ეტყობა, „ქართული ოცნება“ აპირებს, მთავარ საკითხზე მოილაპარაკოს ოპოზიციასთან, ამ შემთხვევაში ოპოზიცია, რა თქმა უნდა, განიხილავს პარლამენტში შესვლას
ბადრი ჯაფარიძე - ეტყობა, „ქართული ოცნება“ აპირებს, მთავარ საკითხზე მოილაპარაკოს ოპოზიციასთან, ამ შემთხვევაში ოპოზიცია, რა თქმა უნდა, განიხილავს პარლამენტში შესვლას

ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით თუ მზაობა არის მათი მხრიდან, ეს ძალიან დადებითი ნაბიჯი იქნება „ოცნების“ მხრიდან და ჩვენც მზად ვართ, დაუყოვნებლივ მივუჯდეთ მოლაპარაკებების მაგიდას და მივაღწიოთ შეთანხმებას, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩილ თალაკვაძის განცხადება „იმედისმომცემია.

„ეტყობა, „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ მთავარ საკითხზე მოილაპარაკოს ოპოზიციასთან. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ოპოზიცია განიხილავს პარლამენტში შესვლასა და იქ მუშაობას, რათა მიღწეული შეთანხება რეალიზებულ იქნას საკანონმდებლო აქტებში. ალბათ ამას გულისხმობდა, თორემ დღევანდელ მოცემულობაში ოპოზიციამ, 51 ოპოზიციონერმა შეიტანა განაცხადი მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით, ამიტომ დღევანდელი მოცემულობით ასეთი პერსპექტივა არ არის. შესაძლებელია, მათ მხარეს არის მზაობა შეთანხმების მისაღწევად და ამიტომ მეც მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტური მზადყოფნა დიალოგის გაგრძელებისათვის, თუკი მათი მხრიდან არის მზაობა იმ მთავარ თემაზე, რისთვისაც ბოიკოტი იქნა დაწყებული. ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით თუ მზაობა არის მათი მხრიდან, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითი ნაბიჯი იქნება „ოცნების“ მხრიდან და ჩვენც მზად ვართ, რომ დაუყოვნებლივ მივუჯდეთ მოლაპარაკებების მაგიდას და მივაღწიოთ შეთანხმებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში პარლამენტი ზუსტად ისეთ ფორმაში იქნება, როგორც საზოგადოებამ აირჩია, სტატუს-კვო მალე შეიცვლება.