ბადრი ჯაფარიძე - ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვა განახლდა, ეს კრიზისს აღრმავებს
ბადრი ჯაფარიძე - ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვა განახლდა, ეს კრიზისს აღრმავებს

ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვა განახლდა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესების განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვა ქვეყანაში შექმნილ კრიზისს აღრმავებს.

მისივე განცხადებით, ამ გამოწვევას ოპოზიციამ ერთიანობით უნდა უპასუხოს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ განახლდა იმ საქმეების განხილვა, სადაც იკვეთება პოლიტიკური მოტივი. პოლიტიკურად მოტივირებული პროკურატურის მიერ ამ საქმეების წარმოება აღრმავებს იმ კრიზისს, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 8 მარტის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ის საქმეები, სადაც იკვეთება პოლიტიკური მოტივი, უნდა შეწყდეს და უნდა გაითხოვონ, რათა ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა დაიწყოს პოლიტიკური მშვიდობის დამყარება. ამ საქმეების დროში კიდევ უფრო გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს იწვევს – კრიზისის გაღრმავებას, ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას და კიდევ ერთხელ იმ აზრის გამყარებას, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლის საქმეების წარმოება.

ოპოზიციამ ამ გამოწვევებს უნდა უპასუხოს ერთიანობით, ამ საქმეების მიმართ წინააღმდეგობის გაწევით და საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებით. ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც ახლა ოპოზიციას აქვს და ჩვენ მათ გამოვიყენებთ. წინააღმდეგობის გაწევაში მე არ ვგულისხმობ აქციებს, არსებობს სხვა ტიპის ინსტრუმენტები, რომელსაც გამოვიყენებთ კონსტიტუციის ფარგლებში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

„მოლაპარაკებები ყველა შემთვევაში უნდა გაგრძელდეს, მოლაპარაკება არის ერთადერთი სწორი გზა შეთანხმების მისაღწევად. ეს არის გრძელი, რთული გზა, მაგრამ ერთადერთი, რათა პოლიტიკურ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.