ბადრი ჯაფარიძე - დღეს პარლამენტში შემოვედით, რათა ერთი ადამიანი ციხიდან გავათავისუფლოთ და დავიწყოთ ზრუნვა მეორე ადამიანის გამოყვანაზე
ბადრი ჯაფარიძე - დღეს პარლამენტში შემოვედით, რათა ერთი ადამიანი ციხიდან გავათავისუფლოთ და დავიწყოთ ზრუნვა მეორე ადამიანის გამოყვანაზე

დღეს უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუა. ჩვენ დღეს პარლამენტში შემოვედით, რათა დავრეგისტრირდეთ და ამით ერთი ადამიანი ციხიდან გავათავისუფლოთ, ასევე დავიწყოთ ზრუნვა მეორე ადამიანის გამოყვანაზე, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული პუნქტები სრულად განხორციელდეს.

„ჩვენი პირველი დღე დასრულდება ერთი ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლებით და დღეიდანვე დავიწყებთ ზრუნვას, რომ მეორე ადამიანი ასევე სწრაფად გათავისუფლდეს. ჩვენი ამოცანაა პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის სრული იმპლემენტაცია, ასევე ჩატარება ადგილობრივი არჩევნების იმგვარად, რომ 2022 წელს დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ამისთვის კატეგორიულად აუცილებელია, რომ ყველა პუნქტი, რაც არის გათვალისწინებული პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, სრულფასოვნად განხორციელდეს: საპატიმროდან დაუყოვნებლივ გამოვიდნენ რურუა და შემდგომ მელია, დავიწყოთ მომზადება ადგილობრივი არჩევნებისათვის, მოვახდინოთ სრული განახლება საარჩევნო ადმინისტრაციის, სრული განახლება საარჩევნო კანონმდებლობის და ასევე, ის მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განვახორციელოთ, რომელიც ეხება მართლმსაჯულების დეპოლიტიზებას, სასამართლოს გათავისუფლებას კლანისგან. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ლელო“ მხარს არ დაუჭერს ისეთ დოკუმენტს, რომელიც დამნაშავეებს პასუხისმგებლობიდან თავის არიდების შესაძლებლობას მისცემს.

„მე ვესაუბრე ერთ-ერთ დაზარალებულს. არც ერთ შემთხვევაში, არანაირ ამნისტიის კანონს არ დავუჭერთ მხარს, რომელიც შესაძლებელია, ოდნავ მაინც შეიცავდეს რისკს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. ასეთ კანონს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, მისივე შეფასებით, კარგია, რომ ნიკა მელია ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდას დათანხმდა.

„ძალიან კარგია, რომ ნიკა მელია თანახმაა, ევროკავშირის უპრეცედენტო შეთავაზება გამოყენებული იქნას. ამიტომ მე მივესალმები მის ამ გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს, ეს მექანიზმი ამუშავდება და ნიკა გამოვა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.