ბადრი ჯაფარიძე -  ჩვენი ამოცანაა, 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს, გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან
ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი ამოცანაა, 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს, გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან

ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს, ამისთვის ვიბრძოლებთ, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განაგრძობენ ბრძოლას პარლამენტიდან, ვიდრე არ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი ნაბიჯით საზოგადოებას აჩვენა, რომ რადიკალურ დესტრუქციულ ძალად გადაიქცა, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არის, სტრატეგიული პარტნიორების „გადაგდებისთვის“. ვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორის შეფასება, მათ შორის ევროკავშირის. „ლელო“ ქვეყნის სტაბილურობისთვის ზრუნავს, ასევე იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაიჩეხოს ქაოსისა და განუკითხაობის უფსკრულში და არ დაუბრუნდეს წარსულს. ამიტომ ვიზიარებთ სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებებს და იგივე ხედვა გვაქვს. ვნახეთ, რა ხედვაც არსებობს – დაგმობილია „ქართული ოცნების“ ნაბიჯები. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს. ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და მოვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო გაძლიერებული ენერგიით, რისაც ეშინია „ქართულ ოცნებას“. ეს რეალობა აუცილებლად დადგება 2 ოქტომბერს, როცა ოპოზიცია გაიმარჯვებს და დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც გაისტუმრებს ხელისუფლებიდან. ეს სჭირდება ქვეყნის მომავალს.

პარლამენტში იმისთვის შემოვედით, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის მიგვეღწია და ის საკანონმდებლო ცვლილებები განგვეხორციელებინა, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებაში. ვიდრე ეს მიზნები არ იქნება მიღწეული, ჩვენ პარლამენტში ვიქნებით. შესაბამისად, გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან, რათა მიღებული იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებით. უნდა ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და რაც მთავარია, არ უნდა შევუწყოთ ხელი „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენი ამომრჩეველი უიმედობაში გადაიყვანოს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.