ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ იყო უპრეცედენტო გაყალბება, ვამბობდით, შედეგები დამახინჯდა იმგვარად, რომ შეცვალა გამარჯვებული
ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ იყო უპრეცედენტო გაყალბება, ვამბობდით, შედეგები დამახინჯდა იმგვარად, რომ შეცვალა გამარჯვებული

ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს იყო უპრეცედენტო გაყალბება, ჩვენ ვამბობდით, რომ შედეგები დამახინჯდა იმდაგვარად, რომ შეცვალა გამარჯვებული, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, ყველა საჩივარი იქნა უარყოფილი და 250 უბნიდან, რომლის გადათვლაც მოითხოვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მხოლოდ ექვსი გადაითვალა, რაც პრობლემაა.

„გახსოვთ თქვენ, ბატონი კობახიძის განცხადება, თუ დადასტურდა, რომ 1 პროცენტიც არის გადახრა შედეგების, ანუ თუნდაც მანდატების ერთი პროცენტი მათ მოიპოვეს არასამართლიანად, ისინი მზად იყვნენ, დათანხმებოდნენ ვადამდელ არჩევნებს. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს იყო უპრეცედენტო გაყალბება, ჩვენ ვამბობდით, რომ შედეგები დამახინჯდა იმგვარად, რომ შეცვალა გამარჯვებული.

ამ შემთხვევაში, გაცილებით მეტია პრობლემა, ვიდრე 1 პროცენტი. როგორც კი დასრულდა არჩევნები, იყო უამრავი განცხადება დარღვევებთან დაკავშირებით. 1 600 განცხადება იყო ოპოზიციური პატიების და, დაახლოებით, 250 უბანზე მოითხოვა გადათვლა მაღალი რეპუტაციის მქონე სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. პასუხად მივიღეთ ის, რომ ყველა საჩივარი იქნა უარყოფილი და 250 უბნიდან, რომლის გადათვლაც მოითხოვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, გადაითვალეს მხოლოდ ექვსში. ასეთი დამოკიდებულება რომ დავინახეთ, რომ ინსტიტუციებმა, როგორიცაა ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ სიმართლის დადგენას, პირიქით, გამოავლინეს სრული მიკერძოება, არც კი შევიდნენ განხილვაში და ამით, ვფიქრობ, შეგნებულად მოახდინეს ოპოზიციის დემოტივაცია. ინსტიტუციებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მომხდარიყო სრული დემოტივირება ოპოზიციის, ძალის დემონსტრირება, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს არც თქვენი საჩივრები, არც გადათვლის მოთხოვნები,  ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მეორე ტურები ჩატარებულიყო ზუსტად ისე, როგორც ჩატარდა. 17 მანდატი, ანუ, მანდატების 10 პროცენტზე მეტი იქნა მოპოვებული ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე“, -განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.