ბადრი ჯაფარიძე - ჩემი მთავარი ამოცანა არის „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის დამარცხება
ბადრი ჯაფარიძე - ჩემი მთავარი ამოცანა არის „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის დამარცხება

ჩემი მთავარი ამოცანა არის „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის დამარცხება, რადგან ეს სჭირდება საბურთალოს საარჩევნო ოლქს და სჭირდება ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად დამარცხდება.

„დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებზე ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო შედეგები და ეს იქნება „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი დამარცხება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა „ლელო“ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლას, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირებისას „ლელო საქართველოსთვის“ იქნება განმსაზღვრელი პოლიტიკური ძალა. 

„ვფიქრობთ, კოალიციური მთავრობის ფორმირებისას ჩვენ ვიქნებით განმსაზღვრელი პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა იმ რისკ ფაქტორს, რომ ის არის სფეროდან, რომელსაც საქართველოს მსგავს ღარიბ ქვეყანაში ბევრი უკმაყოფილო ჰყავს, რადგან ადამიანებს ბანკებთან მუდმივი შეხება აქვთ და ამ ორგანიზაციების საპროცენტო განაკვეთებით უკმაყოფილო არიან, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ბანკების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ბრალია.

„ისინი ადამიანების გაჭირვებით სარგებლობენ და სპეციალურად ახდენენ აღრევას კერძო იპოთეკარებსა და წამყვან კომერციულ ბანკებს შორის. ამ დროს, ეს არის სფერო, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა, რომ ორი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსის ნაწილი იყოს. ადამიანები მევახშეებთან იმიტომ მიდიან, რომ კომერციული ბანკი სესხს არ აძლევს, რადგან ხედავს, რომ მას დაფარვის წყარო არ აქვს და არ უნდა, მისი კლიენტი რთულ მდგომარეობაში ჩავარდეს; მევახშეს კი, კერძოს, უკანონოდ მოღვაწეს, ქონების დაპატრონება უნდა და ამიტომ, ქონებას წინასწარ იფორმებს და მერე ფულს ისეთ პროცენტში აძლევს, რომლის დაბრუნებაც შეუძლებელია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებით ძალიან ბედნიერია.

„ძალიან ბედნიერ ვარ, რომ პოლიტიკაში დავბრუნდი. იმიტომ, რომ ვგრძნობ ძალიან დიდ ენერგიას, ძალიან დიდ იმპულსს და ძალიან დიდ იმედს ადამიანების მხრიდან, რომ ჩვენ შევძლებთ, ქვეყანა მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.