ბადრი ჯაფარიძე - აუცილებელია ნიკა მელიას გათავისუფლება და შეთანხმება იმ საკითხებზე, რის გამოც უკვე ამდენი ხანია, ბოიკოტში ვართ
ბადრი ჯაფარიძე - აუცილებელია ნიკა მელიას გათავისუფლება და შეთანხმება იმ საკითხებზე, რის გამოც უკვე ამდენი ხანია, ბოიკოტში ვართ

ელჩებს, რომლებიც ძალიან განიცდიან შექმნილ ვითარებას,  კიდევ ერთხელ გავაცანით ჩვენი ხედვ და გამოსავლის გზები ვითარებიდან, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში იმყოფებოდა, სადაც ოპოზიციის ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და აშშ-ის ელჩს შეხვდნენ.

„საუბარი იყო იმ ძალიან რთულ ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა ახლა, დღევანდელი შეტევის მერე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე და ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ. ვითარება არის ძალიან რთული. ჩვენ ვნახეთ შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის საელჩოს განცხადებები, სადაც მწვავედ არის შეფასებული ეს ქმედებები და ვანდალიზმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ.

ოპოზიცია არის განწყობილი იმისათვის, რომ ვითარება განიმუხტოს, მაგრამ ახლა „ქართული ოცნების“ ხელშია ვითარების განმუხტვა. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ დღეს კიდევ ეგრედ წოდებული პოლიტიკის დეკრიმინალიზაციის გეგმა და მსგავსი დესტრუქციული განცხადებები, რომელიც არ იძლევა საშუალებას სამწუხაროდ, რომ ვითარება ნორმალიზდეს. ამიტომ, როგორც ჩანს, ჩვენ კვლავ ვნახავთ ჩვენი სტრატეგიული მეგობრების შეფასებებს, „ქართული ოცნების“ მოქმედებასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ოპოზიცია რჩება მტკიცე და ერთგული თავის პრინციპების, რომ ჩვენ გვსურს, ქვეყანაში ვითარების დეესკალაცია. ამისთვის, აუცილებელია ნიკა მელიას გათავისუფლება და აუცილებელია შეთანხმება იმ საკითხებზე, რის გამოც ჩვენ ბოიკოტში ვართ უკვე ამდენი ხანია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვერ დაინახა, რომ ხელისუფლებას მართლა სურს ვითარების ნორმალიზაცია.

„ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში მე როგორც წავიკითხე, მოვასწარი წაკითხვა, საუბარი იყო, რომ ჩვენ დავაპატიმრეთ მელია და კმაყოფილები ვართ, ამავდროულად, შემობრძანდით პარლამენტში და იქ გავაგრძელოთ მუშაობა. ანუ აქ მე ვერ დავინახე ვერანაირი ნიშანწყალი იმის, რომ მათ მართლა სურთ ვითარების ნორმალიზაცია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, შეთანხმება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ერთი მხარე ითვალისწინებს მეორე მხარის მოთხოვნებს.

„ქართული ოცნების“ მხრიდან მსგავსი ნაბიჯი ჩვენ ჯერ არ გვინახავს, რომელიც საშუალებას მოგვცეს, მივაღწიოთ შეთანხმებას. ამიტომ, ვიდრე არ შეიცვლის „ქართული ოცნება“ თავის მიდგომას, შეთანხმება ვერ იქნება.

დღესაც ჩვენ შევხვდით ელჩებს, რომლებიც ძალიან განიცდიან შექმნილ ვითარებას, გავაცანით კიდევ ერთხელ ჩვენი ხედვა, გამოსავლის გზები ამ ვითარებიდან. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მცდელობა, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ გაითავისებს, რომ გადმოსადგმელი აქვთ ნაბიჯი ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.