ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროპულ დედაქალაქებში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შედგება
ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ევროპულ დედაქალაქებში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შედგება

„ლელოს“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროპულ დედაქალაქებში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლებთან ერთად შედგება.

ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის თქმით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში ყოველდღიურად მოხდება მსჯელობა გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. დაიწყება ახლა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მნიშვნელოვანი ვიზიტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში. შემდგომი ვიზიტები იქნება ერთობლივი, ზურაბიშვილთან ერთად იქნებიან კოალიციის წარმომადგენლები. ამაზეც შევთანხმდით და უკვე დაგეგმილია უახლოეს პერიოდში ვიზიტები უმნიშვნელოვანეს ევროპულ დედაქალაქში. სამუშაო ჯგუფი უკვე ყოველდღიურად შეიკრიბება და იმუშავებს, როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი თანამოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა დაჩქარდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დაჩქარდეს ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ამაზე გვექნება ყოველდღიურად მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში.

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გვექნება. ცალ-ცალკე კი აღარ იქნება კოალიციების ვიზიტები ევროპულ დედაქალაქებში და ცალკე პრეზიდენტის ვიზიტი, არამედ ერთობლივი ვიზიტები იქნება. ამავდროულად, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ კიდევ უფრო მჭიდრო კოორდინაცია იქნება. ეს არის სწორედ ის დაკვეთა, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.