ბადრი ჯაფარიძე - კინზინგერისა და კონოლის მიერ ინიცირებულ აქტში ცალსახადაა საუბარი, რომ აშშ მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს
ბადრი ჯაფარიძე - კინზინგერისა და კონოლის მიერ ინიცირებულ აქტში ცალსახადაა საუბარი, რომ აშშ მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მხარს უჭერს.

„ადამ კინზინგერის, რესპუბლიკელი კონგრესმენის და დემოკრატ ჯერი კონოლის მიერ ინიცირებულ აქტში ცალსახად არის საუბარი იმაზე, რომ შეერთებული შტატები ჩვენს ქვეყანაში მხარს უჭერს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ასევე ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერა გაიზრდება სამხედრო თანამშრომლობის, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და, რაც მთავარია, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი განუყრელ მხარდაჭერას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის განმარტებით, კვლავ დასტურდება, რომ სტრატეგიული პარტნიორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ეს არის ჩვენი ხალხისადმი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ მინიშნება, რა არის მთავარი ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თვალთახედვიდან გამომდინარე. მთავარი არის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ჩვენ გვექნება მხარდაჭერა მათი მხრიდან, თუ საქართველო მუდმივად ივლის დემოკრატიის განვითარების გზაზე“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ და დასძინა, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს დემოკრატიის მიმართულებით ბევრი გამოწვევა აქვს.

„სწორედ ამიტომ ვართ დღეს ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში, რადგან ჩვენ არ გვქონდა სამართლიანი არჩევნები. ჩვენი პარტნიორები ხედავენ ყველა გამოწვევას, რაც ჩვენი ქვეყნის, ხალხის წინაშე დგას და ჩვენ მუდმივად გვექნება მხარდაჭერა. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც აუცილებელია, დემოკრატიის გზაზე მყოფმა ქვეყანამ დააკმაყოფილოს. პირველ რიგში ვგულისხმობ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.