ბადრი გრიგალაშვილი აცხადებს, რომ თბილისში ოპოზიციის საერთო კანდიდატების წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება
პარტიაში „გირჩი მეტი თავისუფლება“ ოპოზიციის საერთო კანდიდატების წარდგენის გადადების მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნებულია და თბილისის მასშტაბით ოპოზიციის საერთო კანდიდატებს მალე წარადგენენ.
„როგორც იცით, „ნაციონალურ მოძრაობას“, „დროას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ შორის გაფორმდა საერთო ოპოზიციური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვთანხმდებით საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე თბილისში, ერთმანეთს არ ვუყენებთ კანდიდატებს და მათ შორის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. დაგვიანებულია, მაგრამ უახლოეს დღეებში, ძალიან სწრაფად გვექნება პრეზენტაცია უკვე საერთო შეთანხმებული მაჟორიტარების და ძალიან მალე ამომრჩეველი და მოსახლეობაც გაიგებს, ვისზე შეთანხმდა საერთო იპოზიცია, ვინ იქნება ჩვენი წარმომადგენელი თბილისის სამაჟორიტარო ოლქებში.
ოპოზიციის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრი ნელ-ნელა ჩანაცვლდეს ახალი სახეებით, ისეთი ადამიანებით, რომლებსაც აქვთ შედარებით სუფთა წარსული და ნაკლები შანსია, რომ სისხლიანი 9 წელით მოხერხდეს ამ კანდიდატების გაშავება.
ამიტომ, საერთო შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან ახალი სახეები, რომლებიც ეცდებიან, თავიანთი ახალი იდეებით დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ არჩევნებზე მისვლა 2 ოქტომბერს ნამდვილად ღირს“, – განაცხადა „გირჩი მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელმა ბადრი გრიგალაშვილმა.