ბადრი ესებუას ოჯახის წევრები „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით მასზე გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებენ
ბადრი ესებუას ოჯახის წევრები „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით მასზე გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებენ

ბადრი ესებუას ოჯახის წევრები და მეზობლები აცხადებენ, რომ ცილისწამებაა, თითქოს ესებუა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი პირია.

როგორც ესებუას ძმა აცხადებს, თავდამსხმელსა და ბადრი ესებუას შორის მსგავსება არ არის. ბიძინა ესებუას ინფორმაციით, მისი ძმა კომენტარის გაკეთებას ხვალ აპირებს.

„ჩემი ძმა მოვა ხვალ და კომენტარს თავად გააკეთებს. ცალკე ვცხოვრობ და არ ვიცი, სად იყო 21 ოქტომბერს. თავდამსხმელსა და ჩემ ძმას შორის არანაირი მსგავსება არ არის. ნიკა გვარამია რომ ბრძანებს, ასე არ შეიძლება. ეს არის ცილისწამება. არანაირი მსგავსება არ არის სიმაღლეში, ხმაც სხვაა. დანარჩენზე თვითონ გააკეთებს კომენტარს. ჩემი ძმა თბილისში არის ახლა სამკურნალოდ წასული. ორშაბათს, თუ სამშაბათს წავიდა. არანაირი სპეცოპერაცია აქ არ ჩატარებულა. სპეცოპერაცია რომ ყოფილიყო, თვითონ პოლიციელები გაარკვევდნენ“,- განაცხადა ბიძინა ესებუამ.

როგორც ბადრი ესებუას მეზობელმა, ნუგზარ ესებუამ განაცხადა, ბადრი ესებუამ ჯარი ერთ წელზე მეტია, ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა.

„სამი დღის წინ სახლში იყო, მე ვნახე. მშობლები ამბობენ, ახლა თბილისში არისო. ის კაცი ორ მეტრზე მეტია და ბადრი პატარა ბიჭია. ერთი წელი იქნება, რაც ჯარში არ მსახურობს. ავადმყოფობის გამო მიატოვა. აგვისტოს ომის მონაწილეა ბადრიც და მისი ძმაც. არავის არ სჯერა, რომ ბადრიმ დააყაჩაღა ბანკი“,- განაცხადა ნუგზარ ესებუამ.