ბადრი ალხაზაშვილი „ტულონიდან“ „ლიონში“ გადადის
ბადრი ალხაზაშვილი „ტულონიდან“ „ლიონში“ გადადის

„ბორჯღალოსნების“ და ფრანგული „ტულონის“ კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა leprogres.fr ავრცელებს.

ალხაზაშვილი (23, 1.80 სმ, 105 კგ.) „ტულონში“ 2016 წლიდან ირიცხება, თუმცა ძირითად გუნდში სათამაშო დრო საკმაოდ შეზღუდულად ეძლეოდა. ბოლო პერიოდში მას ტრავმა აწუხებდა, რომელიც უკვე მოირჩინა და მომდევნო ორ სეზონს საფრანგეთის რანგით პირველი დივიზიონის, Top 14-ის კლუბ „ლიონში“ გაატარებს.

„ლიონში“ აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქართველს დიდი პოტენციალი აქვს და ის ვირჯილ ლაკომბის წასვლით გამოწვეული დანაკლისის სრულყოფილად შევსებას შეძლებს.

„ლიონი“ საგრძნობლად გაძლიერდა. გუნდმა შვიდი ტრანსფერი განახორციელა  „ბრივიდან“ ორი ბურჯი – დემბა ბამბა და ვივიენ დევისმი დაიმატა, „ტულონიდან“ ხავიერ კიოჩი, „გრნობლიდან“ მხტომელი კილიან ჟერასი და „აჯენიდან“ უკანახაზელი კლემენ ლაპორტი.

შეგახსენებთ, რომ ალხაზაშვილი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან ასპარეზობს და „ბორჯღალოსნების“ კვართი ცხრაჯერ აქვს მორგებული.

დატოვე კომენტარი