ბაჩუკი ქარდავა - ჩვენთვის პროპორციული სისტემა პრინციპულია, არც ერთ საკითხს არ ვაყენებთ იმ დონეზე, რომ რომელიმეს ეს სისტემა შევწიროთ
ბაჩუკი ქარდავა - ჩვენთვის პროპორციული სისტემა პრინციპულია, არც ერთ საკითხს არ ვაყენებთ იმ დონეზე, რომ რომელიმეს ეს სისტემა შევწიროთ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების საკითხს განიხილავენ. საუბარია 20 ოპოზიციური პარტიის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

როგორც ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ბაჩუკი ქარდავამ განუცხადა, 300 ათასამდე ხელმოწერა, რომელიც ოპოზიციამ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით წარადგინა და იმ ადამიანების პროტესტი, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გაისმის, ფაქტობრივად გადამწყვეტი გახდა და ხელისუფლება დათმობებზე წავიდა.

„ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, იმ სამართლიან სისტემაზე გადავიდეს, როგორიც პროპორციული სისტემაა. რაც შეეხება ჩვენსა და ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ვარიანტებს, დასაწყისშივე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ხელისუფლებას იმის არანაირი საბაბი არ მიეცეს, უკან წაიღოს დაპირება, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ივანიშვილის მხრიდან იყო გაჟღერებული. მზად ვართ, ამ პროცესში ბოლომდე შევიდეთ და კონსტრუქციულად ვიმუშაოთ, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. უმჯობესი იქნება, ეს ორი ინიციატივა რაღაც ფორმით გაერთიანდეს, ტექნიკური შესრულების თვალსაზრისით“,  – განაცხადა ქარდავამ.

მისი თქმით, სხვა დეტალებზე, რაც შეეხება ბარიერს, ასევე პოლიტიკური ბლოკების არსებობას, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

„პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ბარიერები, უბლოკო თუ ბლოკიანი სისტემა ეს ყველა ის საკითხია, რომელსაც პროპორციულ სისტემას ნამდვილად არ შევწირავთ. თუმცა სამუშაო რეჟიმში მზად ვართ და საჭიროდაც მიგვაჩნია, თუ გარკვეული კონსულტაციები დამატებით გაიმართება. ჩვენთვის პროპორციული სისტემა პრინციპულია და არც ერთ საკითხს არ ვაყენებთ იმ დონეზე, რომ რომელიმე მათგანს პროპორციული სისტემა შევწიროთ“, – განაცხადა ქარდავამ.