ბაჩო დოლიძე - ვეთანხმები პოდოლიაკის განცხადებას, სადაც ის საუბრობს, რომ „ქართული ოცნება” ახორციელებს პოლიტიკურ ვენდეტას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ
ბაჩო დოლიძე - ვეთანხმები პოდოლიაკის განცხადებას, სადაც ის საუბრობს, რომ „ქართული ოცნება” ახორციელებს პოლიტიკურ ვენდეტას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ

აბსოლუტურად ვეთანხმები პოდოლიაკს განცხადებაში, რომელშიც ის საუბრობს, რომ დღეს „ქართული ოცნება” ახორციელებს პოლიტიკურ ვენდეტას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ, ეს არის არა მარტო პირდაპირი მკვლელობის დაკვეთა, არამედ შესრულება, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

პოდოლიაკის განცხადებაში ძალიან პრაგმატული, კონსტრუქციული წინადადებაა, რომ ის ან უნდა გადაეცეს უკრაინულ მხარეს, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უნდა მოხდეს მისი გადაყვანა, სადაც მის ჯანმრთელობას გაუწევენ კვალიფიციურ მომსახურებას. აქ სასჯელზე საუბარი არ არის. აქ საუბარია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებასა და სიცოცხლის შენარჩუნებაზე. მაშინ, როდესაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯერ შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ასევე სპეკულაციები განახორციელოს, რომ თურმე ის კარგად გრძნობს თავს. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე ვხედავთ მის ჩართვებს და რეალურად რა მდგომარეობაშია. რაღა თქმა უნდა, ყველა ჩვენს მეგობარს აქვს ერთი კონკრეტული პოზიცია, რომ 21-ე საუკუნეში არ უნდა დავუშვათ ასეთი პირდაპირი ტრანსლირებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ლიკვიდაცია. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. მასზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ტერორი, აბსოლუტურად ყველა ის მოქმედება, რაც ალბათ სასწავლო წიგნებში ისწავლებოდა იმ საბჭოთა რუსეთის პერიოდში, რასაც იყენებდნენ, რადგან საბჭოთა რუსეთში, რომელიც თუნდაც დღეს არის, ადამიანის მკვლელობა, მოწამვლა ჩვეულებრივი ნორმაა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი საქართველოს მთავრობისგან ოფიციალურად ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უკრაინას გადასცენ, ხოლო თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ გადაიყვანონ მესამე ქვეყანაში საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.