ბაჩო დოლიძე - თუ ვინმეს სურს საჯარო პოლიტიკა, უნდა გამოვიდნენ ოთახებიდან, ბნელ კაფეებში, რესტორნებში შეხვედრებიდან, 28-29 იანვარს ამომრჩეველი გადაწყვეტს, როგორი პოლიტიკის მკეთებელი პარტია უნდა
ბაჩო დოლიძე - თუ ვინმეს სურს საჯარო პოლიტიკა, უნდა გამოვიდნენ ოთახებიდან, ბნელ კაფეებში, რესტორნებში შეხვედრებიდან, 28-29 იანვარს ამომრჩეველი გადაწყვეტს, როგორი პოლიტიკის მკეთებელი პარტია უნდა

ჩემი მხრიდან მხოლოდ სპეკულაცია იქნება, ამ ნარატივს მეც შევუერთდე. გიორგი რურუას აქვს საკუთარი მოსაზრება და ალბათ ინფორმაციაც, მაგრამ აბსოლუტურად ვთანხმდებით იქ, სადაც კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ თუ ვინმე აწყობს ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს არის ვანო მერაბიშვილი წინა პოზიციებზე, ამ ფორმაციაში მისთვის სასურველია „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მეტოქე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომელსაც გიორგი რურუას პოსტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

დოლიძის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოს, რათა ყველა პოლიტიკური მოთამაშე იყოს საჯარო ფიგურა, მოქმედებდეს საჯაროდ და არა – კულისებიდან.

„ვფიქრობ, ჩვენ კითხვებიც არ უნდა დავტოვოთ. თუ ვინმეს სურს საჯარო პოლიტიკა, ამისთვის პირველი რაც უნდა გააკეთონ, უნდა გამოვიდნენ ოთახებიდან, იმ ბნელ კაფეებში, რესტორნებში შეხვედრებიდან და ხალხში გამოვიდნენ, ეს არის საჯარო პოლიტიკა. დაუნახავთ (მერაბიშვილი) სადღაც რესტორანში ცოტა ხნით, ხედავენ რომელიღაც სასტუმროებში, ბარებში, რესტორნებში, ასე ჩუმად გრძელდება შეხვედრები და მათი გადასაწყვეტია, თავიანთი არჩეული გზა და გეგმაა, ფიქრობენ, რომ ასე შეიძლება პოლიტიკური პროცესების მართვა. კულისებიდან მართვასთან დაკავშირებით ჩემეული შეფასება გაკეთებული მაქვს და, შესაბამისად, ამომრჩეველზეა ჯერი 28-29 იანვარს. ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, როგორი პოლიტიკის მკეთებელი პარტია უნდათ, რომ იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

გიორგი რურუამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები, მერაბიშვილის თამადობით“.

როგორც გიორგი რურუა აღნიშნავს, ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში. ამასთან, რურუას განცხადებით, „უცხოელ პარტნიორებთან პირად საუბრებში მერაბიშვილი სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას, დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ“.