ბაჩო დოლიძე - რამდენიმე დღეში წარვადგენთ განახლებულ ხედვას, დღევანდელ რეალობასთან ადაპტირებულს, ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ
ბაჩო დოლიძე - რამდენიმე დღეში წარვადგენთ განახლებულ ხედვას, დღევანდელ რეალობასთან ადაპტირებულს, ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ

რამდენიმე დღეში ჩვენს მეგობრებთან ერთად წარვადგენთ განახლებულ ხედვას, ადაპტირებულს დღევანდელ რეალობასთან, ამ მიმართულებით ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, არ შეეგუებიან წართმეულ არჩევნებს და აღნიშნა, რომ საჭიროა ძალიან კოორდინირებული მოქმედება.

„ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში.ჩვენ ვერ დავიწყებდით საუბარს ვერც ერთ თემაზე, როდესაც ადამიანი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გვიკვდებოდა. თორემ მოთხოვნა ისევ რჩება მთავარი, რომ არ ვეგუებით იმ წართმეულ არჩევნებს. დარწუნებული ვარ, მოთხოვნა უნდა გადაიზარდოს რიგგარეშე არჩევნებზე. რაც შეეხება გეგმებს და სამოქმედო სვლებს, სულ რამდენიმე დღეში ჩვენს მეგობრებთან ერთად წარმოვადგენთ განახლებულ ხედვას, ადაპტირებულს დღევანდელ რეალობასთან, ამ მიმართულებით ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ. ყველაფერი გაკეთდება, რომ მიზანს მივაღწიოთ. მთავარია, რომ დავანახეთ, ჩვენ შეგვიძლია ბრძოლა მშვიდობიანად და არა ძალადობრივად. ამ ბრძოლას არ შევაჩერებთ.

საშიშროება იმისა, რომ ადამიანი არ მიიმალოს, როდესაც პროცესები მიმდინარეობს, არ არსებობს, მაგრამ ამის ილუზია ნამდვილად არავის არ აქვს, რომ ეს ხელისუფლება რაიმე გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით მიიღებს. ჩვენი დღის წესრიგი ისევ რჩება იგივე, არ შევეგუებით იმ წართმეულ არჩევნებს, უნდა ვიმოქმედოთ ძალიან კოორდინირებულად, ძალიან დაბალანსებულად და ძალიან მჭიდრო კავშირში ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გეგმა უცვლელია, ფორმაციები შეიცვლება და ძალიან მალე ამ ყველაფრის შესახებ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.