ბაჩო დოლიძე - ორი დღეა, მიწევს საუბარი, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა აფხაზეთიდან ტანკების შემოყვანა, წარმოუდგენელ ამბავთან მაქვს საქმე
ბაჩო დოლიძე - ორი დღეა, მიწევს საუბარი, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა აფხაზეთიდან ტანკების შემოყვანა, წარმოუდგენელ ამბავთან მაქვს საქმე

ორი დღის განმავლობაში მიწევს საუბარი იმაზე, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა აფხაზეთიდან ტანკების შემოყვანა, წარმოუდგენელ ამბავთან მაქვს საქმე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მყოფი მხარდამჭერების მუქარის შემცველ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„ვერ ვხვდები, რატომ არის აქტუალური ეს საკითხი. სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა არის აფხაზეთიდან ტანკების შემოყვანა. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი პოზიცია. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისგანაც მოგვისმენია აბსოლუტურად არარეალისტური და მცდარი შეხედულებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით. ამ ლოგიკით, ასე რატომ უნდა იყოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფელირებული, ვერ ვხვდები“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მყოფმა მხარდამჭერებმა მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელეს. ნოდარ ყარალაშვილი საქართველოში „აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას“ აანონსებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც ყარალაშვილმა სააკაშვილის კიდევ ერთ მხარდამჭერთან, ჯაბა წულაძესთან ერთად ჩაწერა, კრიტიკა ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ხელმძღვანელობის მიმართაც. ყარალაშვილი და წულაძე პარტიის წევრებს შიდაპარტიულ არჩევნებში გიორგი მუმლაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ნიკა მელიამ სააკაშვილი საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა და ახლა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად არაფერს აკეთებს.