ბაჩო დოლიძე - ნებისმიერ შემთხვევაში, გუნდს კანდიდატი აკომპლექტებს, ხაბეიშვილს ჯერ სიტყვა „რეპრესიის“ განმარტება მივცეთ და შემდეგ ხელახლა მოვისმინოთ პასუხი
მგონი, ბატონ ლევანს სიტყვა „რეპრესიის“ განმარტება სჭირდება. უკაცრავად, რა რეპრესიებზეა საუბარი? მაშინ იმას რა დავარქვათ, რაც მათ გააკეთეს, რევოლუციური გადატრიალებაა? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ბაჩო დოლიძემ უპასუხა „ტვ პირველის“ კითხვას: „როგორ შეაფასებთ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, როდესაც მელიას მიერ დაანონსებულ კადრების ცვლილებას რეპრესიას უწოდებს“.
„რა რეპრესიები, ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში, ის კანდიდატი აკომპლექტებს გუნდს, რომელთან ერთადაც მოდის. იმათთან ერთად ხომ არ დააკომპლექტებს, რა სისულელეა, მაშინ რად გვინდოდა ეს არჩევნები და ამდენი კრიტიკა, ვნებათაღელვა? ასე რომ, თუ შეიძლება, ჯერ სიტყვა „რეპრესიის“ განმარტება მივცეთ და შემდეგ ხელახლა დავუსვათ ეს კითხვა და პასუხი მოვისმინოთ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ამასთან, ბაჩო დოლიძეს ჰკითხეს, რა იგულისხმა ხაბეიშვილმა, როდესაც განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, ფიზიკურადაც გამოიხსნიან მიხეილ სააკაშვილს. ბაჩო დოლიძის თქმით, წარმოდგენა არ აქვს, რას გულისხმობს ხაბეიშვილი.
„წარმოდგენა არ მაქვს, რა იგულისხმა, რას გულისხმობს, შესაბამისად, ჩვენ ვართ ყველა იმ ბრძოლაში, რომელიც გავლენას ახდენს მიხეილ სააკაშვილის არსებულ სიტუაციებსა და მოვლენებზე. ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილით სპეკულირება იმდენად ამაზრზენი გახდა, იმდენად ცუდი საყურებელია ჩემი მხრიდან, რომ არ ვიცი.
აქცია არ არის რადიკალური. კიდევ ერთხელ ვამბობ, არცერთ ბრძოლას ჩვენ არ გამოვკლებივართ. ნიკა ყველა ბრძოლაში წინა ფლანგზე იყო, მაგრამ ვერ ვხვდები, როგორ არ ღლით ამ ლოზუნგებით ლაპარაკი. რასაც ვისმენ, სადღეგრძელოები და ლოზუნგებია, სამწუხაროდ, იმის იქით არაფერი მინახავს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.