ბაჩო დოლიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წინა პოზიციაზე თუ ვანო მერაბიშვილი იქნება, ეს ნიშნავს, რომ პარტია, სადაც ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, მუდმივად ოპოზიციაში იქნება
ბაჩო დოლიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წინა პოზიციაზე თუ ვანო მერაბიშვილი იქნება, ეს ნიშნავს, რომ პარტია, სადაც ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, მუდმივად ოპოზიციაში იქნება

იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წინა პოზიციაზე იქნება ვანო მერაბიშვილი, ჩემი გადმოსახედიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პარტია, სადაც ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, მუდმივად ოპოზიციაში იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და ნურავის ეწყინება. მესმის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მეგობრული ურთიერთობა აქვს ვანო მერაბიშვილთან და, რა თქმა უნდა, მე ამ ყველაფერში არ ვერევი, თუმცა მეც დამიტოვეთ იმის უფლება, რომ მქონდეს ჩემი პირადი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მეორე მხარეს მიმდინარე პროცესების უკან ვანო მერაბიშვილი დგას, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის და, შესაბამისად, გადაწყვეტილება ამომრჩეველმა უნდა მიიღოს.

ბაჩო დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ ფარული ჩანაწერებისა და მსგავსი მეთოდების გამოყენების შემოქმედთა ყოფნა საშიშია არათუ ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაშიც.

„თვეზე მეტია, ვიცოდით აღნიშნული ჩანაწერის შესახებ, რომ დაატარებდნენ ერთი სოფლიდან მეორე სოფელში, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, თუმცა ნამდვილად არ ველოდი, თუ გაასაჯაროვებდნენ. უკვე სოციალურ მედიაში გავრცელდა, ტელევიზიით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს მართლაც ძალიან მძიმე ფაქტია ამ თვალსაზრისით. ამიტომ მსგავსი ჩანაწერების და მეთოდების გამოყენების შემოქმედები არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც ძალიან საშიში არიან“, – განაცხადა დოლიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა შემთხვევას, რაზეც გიორგი ბოტკოველმა ისაუბრა, რომ ნიკა მელია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელებას და 2020 წლის არჩევნებისას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გლდანის შტაბის დატოვებას ამ მიზეზით გეგმავდნენ, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესი რაც უფრო ახლოვდება, ისეთი პროცესები მიდის და ისეთი განცხადებები კეთდება, რომ ასეთი რიტორიკა და ტყუილები აღარ უკვირს, თუმცა ეს ნამდვილად სამწუხაროა.

„ფაქტი მეტყველებს ამ ყველაფერზე. ზუსტად ორი თვის თავზე ნიკა გახდა პარტიის თავმჯდომარე. მაშინ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გახლდათ, შესაბამისად, აქტიურადაც იყო ჩართული და თავისი პოზიციაც ჰქონდა. თუკი ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ როგორ გახდა ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარე? მიხეილ სააკაშვილს რომ თავი დავანებოთ, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამაზე საუბრობენ, იმ პერიოდში ერთხმად უჭერდნენ მხარს ნიკა მელიას და ამ თვალსაზრისით დისონანსი საერთოდ არ ყოფილა“, – განაცხადა დოლიძემ.

შეკითხვაზე, დატოვებს თუ არა ნიკა მელიას გუნდი მისი ლიდერის გამარჯვების შემთხვევაში პარტიაში ლევან ხაბეიშვილის მომხრეებს ან პირიქით, გააგრძელებს თუ არა მათთან თანამშრომლობას იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი თავმჯდომარე არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, არჩევნებში ერთი კანდიდატი გაიმარჯვებს და არავის აქვს უფლება, რომელიმე ადამიანს პარტიიდან წასვლა მოსთხოვოს.

„ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესებშია ჩართული, აქვს თავისი ბიოგრაფია აღნიშნულ პარტიაში. აქ საუბარია იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, კანდიდატი, რომელიც იმარჯვებს, აყალიბებს გუნდს, რომელიც უნდა იყოს წინა ხაზზე“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.