ბაჩო დოლიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ რეპუტაციულად არ დაზიანდება, მაგრამ იმ ადამიანების იმიჯზე, რომლებმაც არჩევნების პერიოდში ცუდად გამოიჩინეს თავი, ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება
ბაჩო დოლიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ რეპუტაციულად არ დაზიანდება, მაგრამ იმ ადამიანების იმიჯზე, რომლებმაც არჩევნების პერიოდში ცუდად გამოიჩინეს თავი, ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება

24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი, რათა გაიცხრილონ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიის მხარდამჭერები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ თავმჯდომარეობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

„სათითაოდ ყველა კანდიდატს ჰყავს სპეციალური ჯგუფი. ამ ჯგუფებმა მუშაობა დღეს დაასრულეს. დღეს, 14:00 საათზე ჩანიშნულია საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც საბოლოო სია დამტკიცდება. ამავდროულად, უნდა ვუთხრათ ყველა რეგისტრირებულ ადამიანს, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ახსოვდეთ, რომ ამ არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი არის ფარული. ვერავინ დაინახავს, ვინ ვის მისცა ხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

დოლიძის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ პირველივე ტურში ნიკა მელია გაიმარჯვებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მე მჯერა, პირველივე ტურში ნიკა მელია გაიმარჯვებს, მეორე ტურის არდაშვება, არ მგონია, სწორი იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ 50 000-მდე ადამიანია რეგისტრირებული და გადაჭრით თქმა, ხმები როგორ გადანაწილდება, რთულია. მჯერა, პირველივე ტურში დავასრულებთ ყველაფერს და შევძლებთ გადაწყობას. არჩევნების შემდეგ ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რათა პარტია ძლიერად შეხვდეს მთავარ გამოწვევებს, მაგრამ მეორე ტურის არდაშვებაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ასე გამორიცხვით არ შეიძლება“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, წინასაარჩევნო პროცესი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

„წინასაარჩევნო პროცესი როგორც მიმდინარეობდა, ყველამ ნახეთ. სამწუხაროდ, ვერ ავცდით ბინძურ ხრიკებს, რიტორიკას. ამით ჩვენ ყველამ შეცდომა დავუშვით და შეურაცხყოფა მივაყენეთ ჩვენს ამომრჩეველს. აბსოლუტურად ყველას ვგულისხმობ ამ თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხრიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენ, ყველას გვაქვს ამ პროცესებზე. ვისურვებდი, ეს ყველაფერი არ ყოფილიყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის განმსაზღვრელი და შემაფასებელი მაინც ჩვენი ამომრჩეველია, რომელიც გააკეთებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმაზე დაყრდნობით, რომელი კანდიდატი როგორ წარსდგა, როგორი რიტორიკა ჰქონდა. ჩემი აზრით, პარტია რეპუტაციულად არ დაზიანდება, მაგრამ იმ ადამიანების იმიჯზე, რომლებმაც ამ არჩევნების პერიოდში ცუდად გამოიჩინეს თავი, ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.