ბაჩო დოლიძე - მთავარია, პარტიის თავმჯდომარის არჩევის პროცესი გამართული იყოს, არავინ ცდილობს გაჯანჯლებას, ერთი-ორი დღით თუ გადასცდება ან უფრო ადრე ჩატარდება, ამის კომპლექსი არ მაქვს
ბაჩო დოლიძე - მთავარია, პარტიის თავმჯდომარის არჩევის პროცესი გამართული იყოს, არავინ ცდილობს გაჯანჯლებას, ერთი-ორი დღით თუ გადასცდება ან უფრო ადრე ჩატარდება, ამის კომპლექსი არ მაქვს

ბრიფინგების სახით რადგან არჩეულია ასეთი კომუნიკაციის ფორმა, ვერავის დავუშლი, ჭკუას ვერ დავარიგებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა დამოუკიდებლად ირჩევს საკომუნიკაციო ენას.

„მე სხვანაირად გავაკეთებდი. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ყველასთან ნორმალური, კონსტრუქციული, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ხშირადაც ვხვდებით. შესაბამისად, იმ ფორმას, რომელიც არჩეულია – ბრიფინგებით საუბარი – ალბათ ამას აქვს თავისი დატვირთვა, რასაც შეიძლება, ჯერ მე ვერ ვხვდებოდე“, – აღნიშნა დოლიძემ.

ამასთან, ბაჩო დოლიძის თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც 11 დეკემბერს გაიმართება, კენჭი ეყრება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა პლატფორმის არჩევა და ხმის მიცემა. დოლიძის განცხადებით, 11 დეკემბერი მნიშვნელოვანი თარიღია შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში.

„ვფიქრობ, პოლიტსაბჭო ამ საკითხებზე იმსჯელებს. თითოეულ ვერსიას ეყოლება მომხსენებლებიც. დაველოდოთ გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგ დაიწყება კანდიდატების რეგისტრაცია და შემდგომ უკვე წინასაარჩევნო კამპანია. იდეაში ყველას გვინდა, სწრაფად დასრულდეს ეს პროცესი. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია კიევში იმყოფება. მივცეთ საშუალება, ჩამოვიდეს და უხელმძღვანელოს აღნიშნულ სხდომას. ამ თვალსაზრისით, არ მგონია, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვიოს რამდენიმე დღით გადადებამ.

რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებს, თვითმიზანი თუ არის, რომ მაინცდამაინც ამ წელს უნდა ჩატარდეს, ვერ ვხვდები. შეიძლება, რამდენიმე დღე გადასცდეს. აქ ამოცანა არ არის, ყველაფერი ახალ წლამდე მოესწროს. მთავარია, პროცესი იყოს მაქსიმალურად გამართული. არავინ ცდილობს ამის გაჯანჯლებას. ერთი ან ორი დღით თუ გადასცდება ან უფრო ადრე ჩატარდება, ამის კომპლექსი მე არ მაქვს“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ 2 დეკემბერს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.