ბაჩო დოლიძე - არცერთი პოლიტიკური პროცესი ნიკა მელიას გარეშე არ დაწყებულა, ყველგან წინა პლანზე იყო, ამომრჩევლის გადასაწყვეტია, ვინ არის ყველაზე ეფექტური ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლაში
ბაჩო დოლიძე - არცერთი პოლიტიკური პროცესი ნიკა მელიას გარეშე არ დაწყებულა, ყველგან წინა პლანზე იყო, ამომრჩევლის გადასაწყვეტია, ვინ არის ყველაზე ეფექტური ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, პარტიაში წინასაარჩევნო კამპანია რთულად მიმდინარეობს. მისივე თქმით, არჩევნებთან ერთად, პარტიის წარმომადგენლებს სხვა პასუხისმგებლობები აქვთ.

„წინასაარჩევნო კამპანია რთულად მიმდინარეობს, რადგან ზოგი იცლის საარჩევნო კამპანიისთვის, ზოგი ვერ იცლის. როდესაც სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია, ამ დროს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება ძალიან რთულია. არჩევნებთან ერთად, სხვა პასუხისმგებლობები გვაქვს. 28-29 იანვარს არჩევნები ჩატარდება, შესაბამისად, ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს და მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ და რომელ გუნდთან ერთად გაუძღვება პარტიას რამდენიმე წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩეველი გააზრებულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძის განცხადებით, პარტიაში ერთიანობა ძალიან პრინციპულია. მისივე თქმით, თბილისში სხვადასხვა ადგილას გამართულ აქციებთან დაკავშირებით მცირე გაუგებრობა იყო, თუმცა მთავარია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველას კონკრეტული მიზანი აერთიანებს.

„მიმაჩნია, რომ ერთიანობა არის ძალიან პრინციპული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. რაც შეეხება მცირედ გაუგებრობას თბილისის ლოკაციებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. მთავარია, ერთი კონკრეტული მიზანი გვაერთიანებდა და გვაერთიანებს. პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა რომ იყო და იქნება, არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს არის დემოკრატიული პროცესი, რომელიც გასაკვირი, უცნაურია მმართველი გუნდისთვის. წარმოუდგენელია, მმართველ გუნდში დამოუკიდებლობის ხარისხი საერთოდ არსებობდეს, შესაბამისად, ექვემდებარებიან მხოლოდ ერთ მესიჯბოქსს, რომელიც მოდის ივანიშვილისგან. მნიშვნელოვანია ერთი გუნდის პრინციპით მუშაობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპოზიციაში ხარ, როდესაც შენი მეტოქე არის ძალიან ვერაგი იმ თვალსაზრისით, რომ იყენებს ყველა ბინძურ საშუალებას, რათა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეინარჩუნოს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კითხვაზე, – „ლევან ხაბეიშვილი ხშირად აცხადებს, რომ ნიკა მელია არ აქტიურობს სააკაშვილისთვის. ხომ არ მიუთითებს ეს პარტიის შიგნით დაპირისპირებაზე?“ – ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ ეს ხაბეიშვილის პოზიციაა, რასაც პარტიის ზოგიერთი წევრი ეთანხმება, ზოგი – არა. მისივე თქმით, არცერთი პოლიტიკური პროცესი ნიკა მელიას გარეშე არ დაწყებულა.

„ეს ლევანის პოზიციაა, რომელსაც ზოგი ეთანხმება, ზოგი – არა. რაც შეეხება ნიკა მელიას აქტიურობას, მგონი, არცერთი პოლიტიკური პროცესი მის გარეშე არ დაწყებულა. აბსოლუტურად ყველგან წინა პლანზე იყო. შესაბამისად, ჩვენი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, ვინ არის ყველაზე ეფექტური ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლაში. შეიძლება, ლევანი ფიქრობდეს, რომ ნიკა მელია საერთოდ არ ყოფილა აქტიური, ეს მისი უფლებაა. მე განსხვავებული პოზიცია მაქვს. ახლოვდება წინასაარჩევნო პერიოდი, ემოციური ფონიც ალბათ გამძაფრებული იქნება. კანდიდატებმა შეიძლება, ისეთი განცხადებები აკეთონ, რაც, არ მგონია, სწორი იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი მათი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

რაც შეეხება კითხვას, არჩევნებში წაგების შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა, რომელიმე კანდიდატმა პარტია დატოვოს, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ არავინაა ჩაბღაუჭებული კონკრეტულ პოზიციას და პარტიის დატოვებაზე საუბარი არ არის.

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს. ჩემი გადმოსახედიდან, დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია გაიმარჯვებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლევან ხაბეიშვილმა ან სხვებმა უნდა დატოვონ პარტია. ეს არასწორი პროცესია. არავინაა ჩაბღაუჭებული კონკრეტულ პოზიციას, თანაც მაშინ, როდესაც ოპოზიციაში ვართ. არსებობს პასუხისმგებლობები, რაც გაქვს ან არ გაქვს, გრძნობ ან ვერ გრძნობ. პარტიის დატოვებაზე საუბარი საერთოდ არ არის“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.