ბაჩო დოლიძე - არ ვიცი, რა ვუპასუხო ჩარკვიანის განცხადებას, მაგ ზღაპარში მონაწილეობას არ ვიღებ, ალბათ გაირკვევა, ვისგან მოდის ეს ყველაფერი
ბაჩო დოლიძე - არ ვიცი, რა ვუპასუხო ჩარკვიანის განცხადებას, მაგ ზღაპარში მონაწილეობას არ ვიღებ, ალბათ გაირკვევა, ვისგან მოდის ეს ყველაფერი

საინტერესოა, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. ალბათ გაირკვევა, ვისგან მოდის. ზოგადად, ასეთი განცხადებები ტყუილად არ კეთდება, ვიღაცის ინტერესში უნდა იყოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ბაჩო დოლიძე გამოეხმაურა პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელის, თაკო ჩარკვიანის იმ განცხადებას, სადაც ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ „ივანიშვილის დავალებით, ნიკა გილაური ქმნის პარტიას, რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც გაერთიანდებიან“.

დოლიძის თქმით, ძალიან ცუდია, როდესაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიძლება, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იყვნენ ჩართული რაიმე პროცესში.

„ამ განცხადებას რა ვუპასუხო, არ ვიცი. პირადად მე თუ მეკითხებით, მაგ ზღაპარში მონაწილეობას არ ვიღებ, არ მგონია, ვინმე სხვამ მიიღოს. დანარჩენი ხატიას და ნიკას ჰკითხეთ. ვერ გეტყვით, არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, ზოგადად საიდან მოდის ხოლმე ამდაგვარი ჭორები და რა დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს. დღე არ გავა, არ განვაცხადო, არსად წასვლას არ ვაპირებ, პირიქით, პარტიაში ვაპირებ პოზიციების გაძლიერებას. ეს არის ახლა მთავარი ამოცანა ჩემს მეგობრებთან ერთად. საინტერესოა, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. ყველაფერი შეიძლება მოიგონო და თქვა, მაგრამ არ მგონია, მიზნის გარეშე ყოფილიყო ეს გაცხადებული. ალბათ გაირკვევა, ვისგან მოდის ეს ყველაფერი. ძალიან უცნაურია. ზოგადად, ასეთი განცხადებები ტყუილად არ კეთდება. რაღაცას ხომ უნდა ეფუძნებოდეს ან ვიღაცის ინტერესში უნდა იყოს ამგვარი განცხადების გაკეთება. არ ვიცი, რატომ ნიკა გილაური, უფრო რაღაც დაკნინებისკენ არის კონტურები ხომ, რთული სათქმელია, გაირკვევა.

ძალიან ცუდია, როდესაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიძლება, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იყვნენ ჩართული რაიმე პროცესში. 12 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ივანიშვილმა ის, რაც ახლა განცხადებაში მოინათლა ძალიან მარტივად. ასე რომ, ჩემთვის წარმოუდგენელია, დღეს, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ყველაზე სუსტად არის მთელი თავისი მმართველობის ციკლის განმავლობაში, რისთვის უნდა იმარხავდნენ საკუთარ თავს, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც ოპოზიციაში არიან. ამიტომ ვიძახი, რომ ვერ გეტყვით, საიდან მომდინარეობს ეს აზრი და ნარატივი, ფაქტია, რომ რაღაცა დგას ამ ყველაფრის უკან“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.