ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე სხვა კანდიდატების ჩართვას არ ელოდება
ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე სხვა კანდიდატების ჩართვას არ ელოდება

ჩუმად, აბსოლუტურად არავინ რომ არ ველოდით, ნაწილ ადამიანებს თათბირზე ველოდებოდით და ვხედავთ, ბრიფინგს ატარებენ, პირადად ჩემთვის ეს ნამდვილად გასაკვირი იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ იყო ეს ქმედება მათთან შეთანხმებული, რატომ გაიმართა ასე დაუგეგმავი ბრიფინგი ბიბლიოთეკაში წინა კვირას და რა ინტერესი შეიძლება, ყოფილიყო ამ გეგმის მიღმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს ყველაფერი ფორსირებულად მოხდა.

მისი თქმით, ყველაფრის ნიკა მელიასთვის გადაბრალების მიღმა შესაძლოა, ბევრი ადამიანის ინტერესი იკვეთებოდეს.

„მე პირადად არ მჯერა, რომ რამდენიმე ადამიანმა, ჩვენმა მეგობრებმა სხვადასხვა რაიონიდან ერთ დღეში, ერთ საღამოს გადაწყვიტა ერთ ადგილას შეკრება და იმ განცხადების გაკეთება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. მე მაინც მგონია, რომ ეს პროცესი იყო ფორსირებული და ბევრ კითხვას აჩენს, ვინმე ხომ არ დგას ამ პროცესების უკან“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ პროცესში არ უნდა დაიკარგოს პარტიის მთავარი სამიზნე, რეჟიმის ჩამოშორება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დახსნა ტყვეობიდან.

შეკითხვაზე, ელოდება თუ არა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე სხვა კანდიდატურების გამოჩენას, ბაჩო დოლიძემ თქვა, რომ სხვა კანდიდატების ჩართვას არ ელოდება.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურის მიღმა დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფაქტორს, რომ ისინი პარტიაში გავლენების აღდგენას ცდილობენ, რადგან სოსო თოფურიძის გააქტიურებაც და მისი მხრიდან ნიკა მელიას მწვავე კრიტიკა კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალური გავლენების კონტექსტში განიხილება, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ სოსოს თოფურიძე საკუთარ სტატუსში ძალიან დეტალურად მიმოიხილავდა პარტიის ბიუჯეტს და თავისი გადმოსახედიდან ამ საქმეში საკმაოდ ჩახედული ჩანდა, რაც შემთხვევით არ ხდება.

„ვისთან მიდის საბოლოო ჯამში ეს კვანძები, არ დაიმალება და გამოჩნდება“, – განაცხადა დოლიძემ.

შეკითხვაზე, რა იგულისხმა ნიკა მელიამ გუშინდელ განცხადებაში, რომ ეს არ არის მისი გადაყენების პირველი მცდელობა, დოლიძემ აღნიშნა, რომ ეს მცდელობა რამდენიმე თვის წინ იყო.

„მცდელობა რა, კონტურები და ნიშნები იყო ამ ყველაფრის“, – განაცხადა დოლიძემ.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ბოლო წლინახევრის განმავლობაში შეიძლება, პარტიის შიგნით პრობლემები ყოფილიყო, მაგრამ მაშინ, როდესაც პარტიის დამფუძნებელი ტყვეობაში იმყოფება, ამ ყველაფრის გარეთ გამოტანა არასწორად მიაჩნდა, რადგან შეიძლებოდა, ამით მთავარი საკითხები გადაფარულიყო, მაგრამ დღეს აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა, არჩევნები ტარდება და ყველაფერს ღიად გაეცემა პასუხი.

მისივე თქმით, ყველა განცხადება, რომელიც პარტიას ეკუთვნის და ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც პარტია იღებდა და იღებს, მიღებულია გუნდური მუშაობის პრინციპით და პარტიაში ერთპიროვნულად არც ერთი განცხადება არ მიიღება.

შეკითხვაზე, დარჩება თუ არა ნიკა მელია პარტიის წევრად იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში დამარცხდება, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ თუ ამომრჩეველმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს და ისინი ამ პარტიიდან ისევ ისე გააგრძელებენ ბრძოლას რეჟიმთან, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე ნიკა მელიას დამარცხებას გამორიცხავს.