ბაჩო ახალაიამ პროკურორს მიმართა - ტერორისტია, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, ვინც ეს დაგავალა გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი
ბაჩო ახალაიამ პროკურორს მიმართა - ტერორისტია, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, ვინც ეს დაგავალა გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი

სუს-ის შენობაში მითხრეს, შენს ცოლს დავიჭერთ ან პაატა ბურჭულაძესა და სხვებს, ყველას ამხელო, შენი ბავშვი 10 წლის განმავლობაში ობლად დარჩებაო, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბაჩო ახალაიას თქმით, ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდა.

ამასთან, როგორც ახალაიამ აღნიშნა, სასამართლო სხდომის დახურვის წინააღმდეგია, რადგან, სურს, ყველამ იცოდეს, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას.

„რატომ უნდა დაიხუროს საქმე? გინდათ, პროცესებზე ადამიანები არ მოვიდნენ, რომ ვერ გაიგონ ინფორმაცია – ვინ არის დამნაშავე, ვინ – არა, რა მტკიცებულებები არსებობს ან მე რა არგუმენტები მაქვს. რა საფუძვლით უნდა დახუროთ, რა ლოგიკით? ვერ გავიგე ჩემი მეუღლე ბრალდებულია, თუ არა. უცნაურობა ეტყობა ამ ყველაფერს. დახურვის წინააღმდეგი ვარ, მინდა მთელი პროცესის სრული საჯაროობა. მინდა, ყველამ იცოდეს, რა მტკიცებულებები გაქვთ. ჩემი მეუღლე ჩემთან ერთად დააკავეს. სუს-ის შენობაში მითხრეს, შენს ცოლს დავიჭერთ ან პაატა ბურჭულაძესა და სხვა ადამიანებს, ყველას ამხელო. როდესაც მეუბნებიან, რომ შენს ცოლს დავიჭერთ და 13 წლის ბავშვს დაგიტოვებთ ობლად, ეს საქმე უნდა დახუროთ? თუ არ მონაწილეობდი ის თქვი, რომ ეს იცოდიო. შენი ბავშვი 10 წლით ობლად დარჩებაო. ტერორისტია ის, ვინც ამას აკეთებს, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა. ეს ვინც დაგავალა გადაეცი – საფლავიდან ამოგთხრი. რა შუაშია ჩემი ცოლ-შვილი. ტერორისტები ხართ, ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანეს. მე კი ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ“, – მიმართა ბაჩო ახალაიამ პროკურორს, თამარ ბეჟუაშვილს.