"ბ" ლიგის ფინალი: "ლელო 1" 21: 34 "ხომლი"
"ბ" ლიგის ფინალი: "ლელო 1" 21: 34 "ხომლი"

დღეს ავჭალის სარაგბო სტადიონზე საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის ჭაბუკთა “ბ” ლიგის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ლელო 1 და ხომლი დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში სწრაფ და თანამედროვე რაგბს თამაშობდა.

შეხვედრის პირველ ტაიმში ახალგაზრდა მორაგბეებმა სანახაობრივი მატჩი შემოგვთავაზეს. მატჩის პირველივე წუთებზე ლელო 1 გავიდა წინ. ლელოელები მეტოქის მიერ დაკიდებულ ბურთს დაეუფლნენ, ხელდახელ კიდისკენ უშეცდომოდ ჩაათამაშეს და ლელო დაამიწეს – 7:0.

მალევე, ხომლის მგეზავმა საჯარიმო დარტყმით სამი ქულა გაქვითა. საპასუხო ჯარიმა ლელომაც უმალ შეასრულა და კვლავ შვიდი ქულით დაწინაურდა – 10:3.

გაშვებული ჯარიმის შემდეგ ხომლი ძალიან გააქტიურდა და კიდეზე ხელდახელ ჩათამაშებას შესანიშნავი ლელო მოჰყვა. მგეზავმა გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა. ლელოელებს გააქტიურება მართებდათ. მათ მეტოქის 22 მეტრიანი ზონის მისადგომებთან შესანიშნავი მოლი ააგორეს და ლელოსაც მიუახლოვდნენ, თუმცა შეტევაში დაჯარიმდნენ. მოპოვებული ბურთი სწრაფადვე გაათამაშა ხომლის 9 ნომერმა წიკლაურმა, რომელმაც თანაგუნდელს გადაცემა არ დაუგვიანა და ხომლის მორაგბეებმა ძალზედ სანახაობრივი 100 მეტრიანი ლელო შემოგვთავაზეს.

ლელომ 1-ის მონაგარი ერთი ლელო (კოკოლაშვილი) და სამი ჯარიმა იყო, ხოლო ხომლმა კი მეტოქეს სამი ლელო დაუდო (მონიავა, კაკაურიძე, კურტანიძე) და ერთი ჯარიმა გაუტანა. პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიში 13:20 იყო ხომლის სასარგებლოდ.

შეხვედრის მეორე ტაიმიც ლელო 1-ის აქტიურობით დაიწყო. მათ კვლავ კარგი მოლი ააგორეს, დიდი ხანი იარეს და ბურთი ლელოში გიორგი კანიაშვილმა დაამიწა – 18:20. რამდენიმე წუთში უკვე ხომლმა სწრაფი პასებით ძალიან კარგი კონტრ-იერიში წამოიწყო და ლელოს ხაზამდე უწია, თუმცა ბურთი წინ დაუვარდათ და მეტოქის შერკინება დაინიშნა. ეპიზოდი ამით არ ამოწურულა. ლელოელებმა შერკინების შემდეგ ბურთი ფულბეკ ირემაშვილს გადააწოდეს, რომელმაც კონტაქტში შესვლა გადაწყვიტა და ბურთი დაკარგა. წიკლაურმა ბურთი კვლავ სწრაფად გაათამაშა და ლელო შუამარბ ბესო თანიაშვილს დაადებინა.

გაშვებული ქულების შემდეგ ლელო 1 გააქტიურდა, თუმცა ახალგაზრდა მორაგბეებმა შეტევაში მორიგი შეცდომა დაუშვეს, რითაც ძალიან კარგად ისარგებლა ხომლის ფულბეკმა ზურა ქობულაძემ, რომელმაც ბურთი ძელებს შორის დაამიწა – 18:34.

ირემაშვილის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ანგარიშში სხვაობა 13 ქულა გახდა (21:34), თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ლელო 1-ს ორი გარდასახული ლელო სჭირდებოდა.

შეხვედრის დასრულებამდე გუნდებმა ქულების მოპოვება ვეღარ მოახერხეს და საქართველოს “ბ” ლიგის გამარჯვებული ხომლი გახდა.